სიახლეები

არსებითი განხილვის სხდომა №1675 კონსტიტუციურ სარჩელზე

2023 წლის პირველ თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1675).

დავის საგანს წარმოადგენს„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, ასევე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

სადავო ნორმების თანახმად, სახელმწიფო პენსია და კომპენსაცია/სტიპენდია ჩერდება პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ფაქტის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, ხოლო წყდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, პენსიის და კომპენსაცია/სტიპენდიის შეჩერების დღიდან.

მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ პირებს ასაკობრივი პენსიისა და კომპენსაცია/სტიპენდიის მიღებასთან დაკავშირებით გააჩნიათ კონსტიტუციით დაცული ლეგიტიმური მოლოდინი. მოსარჩელის განმარტებით, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შედეგად დანიშნული პენსია და კომპენსაცია/სტიპენდია არ უნდა ჩერდებოდეს პირის წინასწარი პატიმრობისა თუ თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში, რამდენადაც ისინი იმყოფებიან განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში და არ გააჩნიათ სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილების რაიმე ალტერნატიული საშუალება.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვის მიზანი შეიძლება იყოს სახელმწიფო ხარჯების რაციონალიზაცია, სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფა და სახელმწიფო ეკონომიკური კეთილდღეობის დაცვა, თუმცა პენიტენციურ დაწესებულებაში სახელმწიფო პენსიისა და კომპენსაცია/სტიპენდიის მიმღებ პირთა რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ მათთვის ფინანსური სარგებლის შეჩერება/შეწყვეტა ვერ უზრუნველყოფს დასახელებული მიზნების მიღწევას. ამრიგად, მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმები გაუმართლებლად ზღუდავს საკუთრების უფლებას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნას ცნობილი.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.