სიახლეები

არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „მარინე კაპანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1618).

2022 წლის 1 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „მარინე კაპანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1618).

სადავო ნორმა საჯარო სამსახურში დასასაქმებლად პირს ავალდებულებს წარადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, რომლითაც არ დადასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი არ შეიძლება რაიმე მინიშნებას იძლეოდეს პირის პროფესიული უნარ-ჩვევების შესახებ ან მისი მოხმარება, თუ პირი აკმაყოფილებს საჯარო მოხელისთვის კანონმდებლობით დადგენილ დანარჩენ კრიტერიუმებს, არ შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს მის მიერ მიუკერძოებელი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმა თანაბრად მიემართება ყველა სახის ნარკოტიკულ საშუალებას და არ იძლევა ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობას იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებას აქვს განსხვავებული ეფექტი ადამიანის ფსიქიკაზე, გონივრულ შესაძლებლობებზე და მასზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე. იმავდროულად, სადავო ნორმით დადგენილი ვალდებულება ერთნაირად ეხება ყველა რანგის საჯარო მოხელეს, განურჩევლად მის მიერ განხორციელებული საქმიანობის მიმართ არსებული საზოგადოებრივი ინტერესისა.

ამდენად, საჯარო სამსახურში დასასაქმებლად ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის წარგდენის ვალდებულების დადგენა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უფლებასთან.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.