სიახლეები

არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე: „მიხეილ ხაინდრავა და გიორგი ჯობავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (№1517 და №1600 კონსტიტუციური სარჩელები).

2022 წლის 19 ივლისს 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე: „მიხეილ ხაინდრავა და გიორგი ჯობავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (№1517 და №1600 კონსტიტუციური სარჩელები).

დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 95- მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 95- მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ქმედება ან გადაწყვეტილება“.

მოსარჩელეებისთვის პრობლემურია, სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის შესახებ და საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის შესახებ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას.

მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმა გამორიცხავს წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის შესახებ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას. შესაბამისად, მათ არ აქვთ ბერკეტი იდავონ იმ მტკიცებულებათა დაუშვებლობის საკითხზე, რომელთა დასაშვებად ცნობაც უკანონოდ მიაჩნიათ. აღნიშნული ვითარება კი ქმნის რისკს, რომ დაუშვებელი მტკიცებულებების საფუძველზე მოხდეს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გადაცემა და შემდგომში, გამოტანილი განაჩენი ამგვარ მტკიცებულებებს დაეფუძნოს.

მოსარჩელეთა აზრით, გასაჩივრების შესაძლებლობა უზრუნველყოფს ზემოხსენებული რისკების თავიდან აცილებას. მოსარჩელეები, ასევე სადავოდ ხდიან ზემოაღნიშნული ნორმის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც გამორიცხავს საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის შესახებ წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას.

მოსარჩელეთა პოზიციის თანახმად, დაუშვებელი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის და აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმის არარსებობის პირობებში, საქმე შესაძლოა, უსაფუძვლოდ გადავიდეს არსებითი განხილვის ეტაპზე, მაშინ, როცა აღნიშნული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, შესაძლოა, საერთოდ შეწყდეს კიდეც.

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გადასვლის შემდგომ, ბრალდებულის მიმართ, შესაძლოა, გამოყენებული იქნეს აღკვეთი ღონისძიებები და მნიშვნელოვნად შეიზღუდოს მისი უფლებები. შესაბამისად, მოსარჩელეთათვის არსებითი მნიშვნელობისაა მტკიცებულების დასაშვებად ცნობის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობასთან ერთად, გააჩნდეთ საქმის არსებითად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობაც.

მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარეს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობისა და დევნის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს, დაცვის მხარე მოკლებულია შესაძლებლობას ისარგებლობს საპირწონე მექანიზმით, შესაბამისად, მათ ეზღუდებათ საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველი პუნქტით დაცული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება.

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.