სიახლეები

არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ქეთი ანდროსენკო და ალექსანდრე ანდროსენკო საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1731)

2023 წლის 24 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ქეთი ანდროსენკო და ალექსანდრე ანდროსენკო საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1731).

განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგულაცია გამორიცხავს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებთან მიმართებით, სასამართლოს დროებითი განკარგულების კერძო საჩივრით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას.

კონსტიტუციურ სარჩელის მიხედვით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას, დროებითი განკარგულების საფუძველზე, მოაწესრიგოს საოჯახოსამართლებრივ დავებთან დაკავშირებული მთელი რიგი, მათ შორის, ერთ-ერთი მშობლის არასრულწლოვანთან ურთიერთობის, არასრულწლოვნის რჩენისა და მასზე ზრუნვის, მისი აღსაზრდელად გადაცემის და სხვა საკითხები. თავის მხრივ, სასამართლოს განჩინებით გათვალისწინებული დროებითი მოწესრიგება შესაძლებელია, გაგრძელდეს წლების განმავლობაში. ამგვარი დროებითი განჩინების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების მექანიზმის არარსებობა რისკის ქვეშ აყენებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ უფლებას.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.