სიახლეები

არსებითი განხილვის სხდომა №1421, №1448 და №1451 კონსტიტუციურ სარჩელებზე

2021 წლის 27 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება საქმის „შპს „იხტიოსი“, ზაზა პატარიძე, ნიკოლოზ ბერიაშვილი, შალვა ონიანი, ვახტანგ კობეშავიძე და მანანა ხარხელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №1421, №1448 და №1451) არსებითი განხილვის სხდომა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 201-206 მუხლების შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის სხდომა ზეპირი მოსმენის ფორმით ჩატარდება დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დისტანციური სასამართლოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირების გზით საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ (youtube) არხზე.

კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების წესს.

მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო ნორმა მხარეთა სახელშეკრულებო შეთანხმების ფარგლებში აქცევს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პირობებს და გამორიცხავს სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვას შედეგად საქმის აღსრულებას, რაც არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. კონსტიტუციური სარჩელების თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების აღსრულება არ ხორციელდება ისეთი საპროცესო გარანტიების გათვალისწინებით, როგორებიცაა შებრუნების უზრუნველყოფა და ზარალის წინასწარი განსაზღვრა. გარდა ამისა, მოსარჩელეები ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო მეორე კოლეგია.

დავის საგანი:

№1421 კონსტიტუციურ სარჩელზე: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 268-ე მუხლის 11 ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

№1448 და №1451 კონსტიტუციურ სარჩელებზე: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 268-ე მუხლის 11 ნაწილის პირველი წინადადებისა და 269-ე მუხლის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.