სიახლეები

არსებითი განხილვის სხდომა №1717 კონსტიტუციურ სარჩელზე

2024 წლის 14 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ალექსანდრე კობაიძე და მირანდა შალამბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1717).

განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა ადგენს, რომ თუ გარკვეული სახის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისგებაში მიცემული პირი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, იგი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ.

მოსარჩელეები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ გასაჩივრებული რეგულაციის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში მიცემული პირის საქმის განხილვაზე იძულებით მიყვანას სასამართლოს განჩინების გარეშე, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში მიცემული პირი წარმოდგენილია ადვოკატის/წარმომადგენლის მეშვეობით. მათი აზრით, სადავო ნორმა გაუმართლებლად ზღუდავს ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებას.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.