სიახლეები

ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის (BBCJ) მე-3 კონგრესი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2018 წლის 15-17 მაისს „ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის“ (BBCJ) მე-3 კონგრესს ქ. თბილისში უმასპინძლებს, რომელიც 16 მაისს, 09:00 სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიხსნება.

დაგეგმილი ღონისძიების შედეგად, თბილისს ესტუმრება „ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის“ წევრი საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და წევრები,  ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის წარმომადგენლები და, ასევე, სხვა მაღალი რანგის დელეგატები.

ნიშანდობლივია, რომ „ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის  რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციას“ (BBCJ) თავმჯდომარეობას 2018 წლის იანვრიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უწევს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ასოციაციის თავმჯდომარეობა უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოსგან გადმოიბარა.

ასოციაციის მე-3 კონგრესის თემას წარმოადგენს „საკონსტიტუციო სასამართლოების როლი ევროპული ინტეგრაციის პროცესში”. კონგრესის წინაშე მოხსენებებით წარდგებიან ასოციაციის წევრი სასამართლოების მოსამართლეები.

კონგრესის საზეიმო გახსნას დაესწრებიან და  მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი  და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. აგრეთვე, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჰერდის თორგეირსდოტირი და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში კარლო ნატალე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის  რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის“ (BBCJ) მე-3 კონგრესს მართავს  ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტისა და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაცია:

„ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის  რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის“ (BBCJ) მიზანია ადამიანის  უფლებათა  და ძირითად   თავისუფლებათა დაცვის ხელშეწყობა, საკონსტიტუციო სასამართლოების დამოუკიდებლობის მხარდაჭერა, კანონის უზენაესობის პრინციპების იმპლემენტაცია და ასოციაციის წევრებს შორის გამოცდილების გაცვლის გაღრმავება.

ბალტიისპირეთისა და შავი ზღვისა  რეგიონის ქვეყნების  კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის დეკლარაციას ხელი მოეწერა ქ. ვილნიუსში 2015 წლის 26 ოქტომბერს უკრაინის, საქართველოს, ლიტვისა და მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეების მიერ.

დეკლარაციის თანახმად, წევრი ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოები აცხადებენ მათ განზრახვას, გააძლიერონ კონსტიტუციური მართლმსაჯულება თავიანთ  ქვეყნებში; თანახმა არიან,  ხელი შეუწყონ  დიალოგს  კონსტიტუციურ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ  საკითხებზე; აცხადებენ მათ სურვილს, ეფექტურად გამოიყენონ თავიანთი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობები კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ზრდისა და გაღრმავების მიზნით.

ასოციაციის ორგანოებს წარმოადგენს გენერალური ასამბლეა და გენერალური სამდივნო, რომელთა მეშვეობითაც იგი ახორციელებს თავის საქმიანობას. ასოციაციის მიზნები და ფუნქციები, მისი სტრუქტურა, მასში გაწევრიანება და ფინანსური ასპექტები  წესდებით  განისაზღვრება.

ასოციაციის თავმჯდომარეობა, როტაციის წესით, ერთი წლის ვადით გადადის ასოციაციის წევრ სახელმწიფოზე  ანბანური თანმიმდევრობის პრინციპით.