სიახლეები

გამოქვეყნდა „საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის“ მორიგი ნომერი

გამოქვეყნდა „საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის“ მორიგი ნომერი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა „საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის“ მორიგი ნომერი, რომელიც მკითხველს სთავაზობს საინტერესო და აქტუალურ ნაშრომებს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ავტორებისგან.

ქართველ მკითხველს საშუალება აქვს გაეცნოს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის რუთ ბეიდერ გინსბურგისა და პროფესორ დებორა ჯონს მერიტის სტატიას, რომელიც პირველად 1999 წელს გამოქვეყნდა და აღმჭურველი ქმედების არსს და მის საერთაშორისო-სამართლებრივ საფუძვლებს ეხება, ასევე მიმოიხილავს კაცთა და ქალთა შორის თანასწორობის მიღწევისკენ მიმართულ პრაქტიკას აშშ-ში, ინდოეთსა და ევროპის კავშირში. ნიშანდობლივია, საქართველოს პარლამენტის მიერ სქესის ნიშნით პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველმყოფი კვოტირების მექანიზმი შემოღების შემდეგ ხსენებული საკითხი ქართული რეალობისთვის განსაკუთრებული აქტუალურობის მატარებელია. სტატიაში მოცემულია იმ დროისათვის არსებული აღმჭურველი ქმედების პრაქტიკა როგორც სქესის ნიშნით დისკრიმინაციის, ისე სხვა ტიპის უთანასწორობების აღმოფხვრის მიმართ.

ჟურნალის 2020 წლის მეორე გამოცემა ასევე გვთავაზობს პროფესორ კას სანსტინის ნაშრომს, რომელიც სოციალური მნიშვნელობის არსებით პრობლემას ეთმობა და განიხილავს, თუ როგორ ვითარდება ადამიანების ბრაზი და აღშფოთება საზოგადოებაში. უკანასკნელ წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებული სოციალური პროტესტის მაგალითზე, ნაშრომი აფასებს, თუ რა ძალა აქვს ადამიანებს, რომლებიც დამკვიდრებული ნორმების შერყევას იწყებენ და რა მნიშვნელობის მატარებელია საზოგადოების განწყობა უმცირესობების უფლებებისათვის ბრძოლის წარმატების საკითხში.

ამასთანავე, მიმდინარე გამოცემაში თავმოყრილია ქართველი მკვლევარების ნაშრომები მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე. კერძოდ, რეგიონალური კონტექსტიდან გამომდინარე, აქტუალურია, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განსჯადობის საკითხის განხილვა შეიარაღებული კონფლიქტისას წამოჭრილი ადამიანის უფლებათა დარღვევის საჩივრებთან მიმართებით, ხოლო მეორე მხრივ, საინტერესოა ადამიანის უფლებათა ინტერ-ამერიკული ორგანოების პრაქტიკის მიმოხილვა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ჟურნალის გამოცემა ასევე მოიცავს ნაშრომებს კონკურენციის კონსტიტუციურსამართლებრივი ასპექტების, მეწარმეობის თავისუფლებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და ინფორმაციული თავისუფლების მნიშვნელობაზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პირობებში.

მიმდინარე გამოცემაში ასევე მოცემულია 2020 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ მიღებული ორი პრეცედენტული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილების მიმოხილვა.

„საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი“ გამოიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში და განკუთვნილია სამართლის სფეროში მოღვაწე მეცნიერების, ექსპერტებისა და სტუდენტების სამეცნიერო ნაშრომების გამოსაქვეყნებლად. გამოცემა უკვე ღიად ხელმისაწვდომი ჟურნალების საერთაშორისო ბაზაშია (Directory of Open Access Journals (DOAJ)) განთავსებული და ინდექსირებულია ევროპის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური გამოცემების ბაზაში (ERIH PLUS), რაც ჟურნალის სტანდარტების, ღიაობის პოლიტიკის და ეთიკური კრიტერიუმების აღიარებას წარმოადგენს. „საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის“ ხსენებულ ბაზაში განთავსება კიდევ უფრო გაზრდის მის ავტორიტეტს და უზრუნველყოფს ფართო ხელმისაწვდომობას ჟურნალში გამოქვეყნებულ ნაშრომებზე.

ჟურნალის უახლესი გამოცემა ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია აქ.

ჟურნალის უახლესი გამოცემა ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია აქ.