სიახლეები

გამოქვეყნდა „საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის“ სპეციალური გამოცემა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა „საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის“ სპეციალური გამოცემა, რომელიც საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და აერთიანებს საინტერესო ნაშრომებს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ავტორებისგან.

მკითხველს საშუალება აქვს გაეცნოს ცნობილი ევროპელი კონსტიტუციონალისტის, რეგენსბურგის უნივერსიტეტის პროფესორ რაინერ არნოლდის ნაშრომს, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის ნორმატიულ-ღირებულებითი საფუძვლების, მისი მიზნებისა და ამოცანების ანალიზს ეთმობა თანამედროვე კონსტიტუციონალიზმის პრინციპების შუქზე.

სპეციალურ გამოცემაში ასევე თავმოყრილია ქართველი მეცნიერ-მკვლევარების ნაშრომები საქართველოს პირველ კონსტიტუციასთან არსებითად დაკავშირებულ მრავალ საკითხზე, კერძოდ: საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციით დეკლარირებული ღირებულებების გააზრება ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციონალიზმის პრიზმიდან; პირველი კონსტიტუციის შემუშავებისა და მიღების პროცესის, ასევე, იმ ძირეული პრინციპების ‒ ერის დამოუკიდებლობისა და პიროვნული თავისუფლების ‒ გაანალიზება, რომელსაც დაეფუძნა 1921 წლის კონსტიტუცია; პირველი კონსტიტუციის შემუშავებისა და შინაარსთან დაკავშირებული რამდენიმე მითის გააზრება; 1921 წლის კონსტიტუციით განსაზღვრული სახელმწიფო ხელისუფლების მოწყობის სიღრმისეული ანალიზი, მისი შეფასება უშუალო დემოკრატიის იდეის თეორიული ჩარჩოდან; დემოკრატიული რესპუბლიკის, როგორც კონსტიტუციის მუდმივი და უცვლელ ნორმად ჩამოყალიბების განმსაზღვრელი ფაქტორების ანალიზი; სოციალური უფლებების თეორიასა და პრაქტიკაში არსებული საერთაშორისო ტენდენციების ფონზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული პრაქტიკის გაანალიზება; აკადემიური თავისუფლების კონსტიტუციური უფლების შინაარსობრივი სტანდარტების გააზრება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს კანონმდებლობისა და იურისპრუდენციის ანალიზის საფუძველზე; სიცოცხლის კონსტიტუციური უფლების დაცული სფერო კლიმატის ცვლილების კონტექსტში; დაბოლოს, პირველი კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებათა კატალოგის დანაწესის ‒ რომ კონსტიტუციაში მითითებულ უფლებებს არ აქვთ ამომწურავი ხასიათი ‒ შეფასება საქართველოს დღეს მოქმედი კონსტიტუციის შუქზე.

„საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი“ გამოიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში და განკუთვნილია სამართლის სფეროში მოღვაწე მეცნიერების, ექსპერტებისა და სტუდენტების სამეცნიერო ნაშრომების გამოსაქვეყნებლად. გამოცემა უკვე ღიად ხელმისაწვდომი ჟურნალების საერთაშორისო ბაზაშია (Directory of Open Access Journals (DOAJ)) განთავსებული და ინდექსირებულია ევროპის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური გამოცემების ბაზაში (ERIH PLUS), რაც ჟურნალის სტანდარტების, ღიაობის პოლიტიკის და ეთიკური კრიტერიუმების აღიარებას წარმოადგენს.

ჟურნალის სპეციალური გამოცემის გასაცნობად მიჰყევით ბმულს.