სიახლეები

განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ელგა მაისურაძე, ირმა გინტური და ლერი თოდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1320)

2019 წლის 11 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ელგა მაისურაძე, ირმა გინტური და ლერი თოდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1320).

მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებს, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრება პირისათვის მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭების წინაპირობები. მოსარჩელეთათვის სადავო რეგულირების პრობლემურობა გამოიხატება იმაში, რომ პირისათვის ზემოაღნიშნული სტატუსის მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული შვილი, ამასთანავე, თუკი ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში შეტანილი არ არის ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრისას სადავო ნორმები არ ეყრდნობა აღნიშნულ პირთა რეალურ საჭიროებებს და ფორმალური კრიტერიუმების საფუძველზე ადგენს, მარტოხელა მშობელი იმსახურებს თუ არა შესაბამის სტატუსს. კერძოდ, არც შვილის რეგისტრირებულ ქორწინებაში დაბადების ფაქტი და არც ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მეორე მშობლის შესახებ ჩანაწერის არსებობა არ არის დაკავშირებული აწმყოში მშობლის მარტოხელად ყოფნის ფაქტსა და მისგან მომდინარე საჭიროებებთან. პირისათვის აღნიშნული სტატუსის მინიჭების მთავარ განმაპირობებელ ფაქტორს უნდა წარმოადგენდეს იმ გარემოების შეფასება, რეალურად და ფაქტობრივად რამდენად დამოუკიდებლად ზრდის პირი საკუთარ არასრულწლოვან შვილს. სადავო რეგულირების მოქმედების შედეგად კი ფაქტობრივად მარტოხელა მშობლები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, მიიღონ შესაბამისი სტატუსი და ისარგებლონ კანონმდებლობით დადგენილი სხვადასხვა სახის პრივილეგიებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულირება ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას, ამავე დროს, გაუმართლებლად ზღუდავს ოჯახის კეთილდღეობისა და დედათა და ბავშვთა კონსტიტუციურ უფლებებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: ა) საქართველოს მოქალაქეების – ელგა მაისურაძისა და ირმა გინტურის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით; ბ) საქართველოს მოქალაქე ლერი თოდაძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.