სიახლეები

მონაწილეობა უმაღლესი ინსტანციის სასამართლოთა ქსელის (SCN) ფორუმში

2024 წლის 6-7 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნოს უფროსმა გიორგი ლომთაძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოთა ქსელის (SCN) ფორუმში, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ქ. სტრასბურგში გაიმართა. ღონისძიებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეები, აპარატის თანამშრომლები და ეროვნული უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარემ გახსნა. ფორუმის თემატური სესია დაეთმო კლიმატის ცვლილების საკითხზე ეროვნული სასამართლოების უახლესი პრაქტიკის მიმოხილვას, რომლის ფარგლებშიც მოხსენებები წარადგინეს გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ასევე, საფრანგეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს საბჭოს, ნიდერლანდების სამეფოს, ირლანდიისა და გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოების წარმომადგენლებმა. ფორუმის პრაქტიკული ნაწილი მოიცავდა ინტერაქტიულ დისკუსიას წევრი სასამართლოების საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საჯარო კომუნიკაციის საკითხებზე.

უმაღლესი ინსტანციის სასამართლოთა ქსელი (SCN) 2015 წელს დაარსდა, რომლის მიზანს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპულ და ეროვნულ სასამართლოებს შორის დიალოგის გაძლიერება. ფორუმის ფარგლებში წევრი სასამართლოები ახდენენ ინფორმაციის გაცვლას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, ასევე, ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის საკითხებზე.