სიახლეები

ოლიმპიადა „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის" დაიწყო

ა.წ. 8-10 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებული იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი მართავს ოლიმპიადას: „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის"

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით ოლიმპიადა, იმართება ბოლო 11 წელია და იგი ყოველთვის ემთხვევა საია-ს ტრადიციულ ღონისძიებას - „ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულს".

წელს, ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებს 8 გუნდი შემდეგი უმაღლესი სასწავლებლებიდან: თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA). ოლიმპიადის მონაწილეები წარმოადგენენ იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის მე-2, მე-3 და მე- 4 კურსის სტუდენტებს.

ოლიმპიადის ფარგლებში სამი დღის განმავლობაში გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესები, რომლის შედეგად გამოვლინდებიან: გამარჯვებული გუნდი, საუკეთესო მოსარჩელე, საუკეთესო მოპასუხე, საკონსტიტუციო სასამართლოს რჩეული და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის პრიოზიორი.

ოლიმპიადას უხელმძღვანელებს ჟიური/სასამართლო კოლეგია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მაია კოპალეიშვილი (ჟიურის ხელმძღვანელი), თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნანა ჭიღლაძე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ექსპერტი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი ნანა მჭედლიძე, საიას საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი გიორგი გოცირიძე და მოწვეული სტუმარი გერმანიიდან, კონსტიტუციური სამართლის მკვლევარი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ექსპერტი, პროფესორი მიხაელა ვიტინგერი.

ნომინაციაში „საკონსტიტუციო სასამართლოს რჩეული" გამარჯვებული, საკონსტიტუციო სასამართლოდან მიიღებს სპეციალურ შეთავაზებას. მას შესაძლებლობა მიეცემა გაიაროს ანაზღაურებადი სტაჟირება საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტში. ოლიმპიადა დაიხურება10 დეკემბერს და მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

ოლიმპიადის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი "IRZ."