სიახლეები

საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2018 წლის 5 დეკემბერს, 10:30 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"  (კონსტიტუციური სარჩელები №1267 და №1268).

საქმეზე სადავოდ გამხდარი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 33 პუნქტის მიხედვით, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე შეჩერებულია უცხოელის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (მათ შორის, მემკვიდრეობით მიღებულის) საკუთრების უფლება.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის საფუძველზე ისინი ვერ ახერხებენ მემკვიდრეობით მიღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას. ამავდროულად, მათ შეზღუდული აქვთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მომავალში შეძენის უფლებაც. ამდენად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებულ საკუთრების უფლებას.

კონსტიტუციურ სარჩელებში მითითებულია, რომ სადავო ნორმას აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილებითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის N1/2/563 განჩინებით ძალადაკარგული ნორმების იდენტური შინაარსი. შესაბამისად, მოსარჩელეები შუამდგომლობენ სადავო ნორმის გამარტივებული წესით, საქმის არსებითად განხილვის გარეშე ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის N1/1/1267,1268 განჩინებით საქმე განსახილველად გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. შესაბამისად, №1267 და №1268 კონსტიტუციურ სარჩელებს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

დავის საგანი: „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 33 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.