სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს სახალხო დამცველის კონსტიტუციურ სარჩელს

2020 წლის 6 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (№1459 და №1491 კონსტიტუციური სარჩელები).

განსახილველ საქმეში სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს.

მოსარჩელის მითითებით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა წარდგენის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთების მოთხოვნას. იმავდროულად, გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების გამო, კანდიდატთა შერჩევისას იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილების მიღების პროცესში შებოჭილი არ არის ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა კანდიდატის კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი წესი ვერ უზრუნველყოფს საუკეთესო კანდიდატების შერჩევას, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს (საჯარო თანამდებობის დაკავებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს).

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

დავის საგანი: 1) №1459 კონსტიტუციურ სარჩელზე: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-7 პუნქტის პირველი წინადადების სიტყვების: „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ... თავის მიერ განსაზღვრული პროცედურით ატარებს ფარულ კენჭისყრას კანდიდატის შემდგომ ეტაპზე გადაყვანის თაობაზე“, მე-2 და მე-10 წინადადებების, ამავე მუხლის მე-12 პუნქტის პირველი და მე-3 წინადადებებისა და მე-13 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; 2) №1491 კონსტიტუციურ სარჩელზე: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341მუხლის მე-15 პუნქტის პირველი, მე-3 და მე-4 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.