სიახლეები

„ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2020 წლის 2 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1526).

სადავო ნორმა საარჩევნო სუბიექტებს უდგენს ვალდებულებას, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე გასამართ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიული სია დაარეგისტრირონ იმგვარად, რომ სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე პოლიტიკურმა გაერთიანებამ შეიმუშავა სისტემა, რომლის საფუძველზეც, არჩევნებში მონაწილეობისათვის პარტიული სიის ფორმირება სრულად დამოკიდებულია პარტიის პარტნიორთა მიერ გამოხატულ ნებაზე. სადავო ნორმა მოსარჩელე მხარეს ავალდებულებს, სქესთა შორის ბალანსის დაცვის მოტივით, განახორციელოს ცვლილებები პარტიის პარტნიორთა მიერ განსაზღვრულ პარტიულ სიაში. მოსარჩელეთა განმარტებით, მსგავსი ვალდებულების დაკისრება, ერთი მხრივ, გაუმართლებლად ზღუდავს მათ საარჩევნო უფლებას, მეორე მხრივ, პოლიტიკურ პარტიას აიძულებს საკუთარი პარტნიორების მიერ მიღებული გადაწყვეტილების უგულებელყოფას, რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს პარტნიორთა მიერ პარტიის დაფინანსების საკითხზე, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის პოლიტიკური გაერთიანების სრულფასოვან ფუნქციონირებას.

№1526 კონსტიტუციურ სარჩელს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.