სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს №1428 კონსტიტუციურ სარჩელს („კობა თოდუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“)

2021 წლის 3 თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება საქმე „კობა თოდუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1428).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 201-206 მუხლების შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის სხდომა ზეპირი მოსმენის ფორმით ჩატარდება დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დისტანციური სასამართლოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირების გზით საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ (youtube) არხზე. ინფორმაცია არსებითი განხილვის ონლაინ ტრანსლირების ელექტრონული ბმულის შესახებ გავრცელდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში სხდომის დაწყებამდე.

სადავო ნორმების თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დასაშვებობასა და დასაბუთებულობას სააპელაციო სასამართლო ამოწმებს ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, აღნიშნული შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შეტანილი საკასაციო საჩივარი აგრეთვე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებს ავალდებულებს, შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დასაშვებობა და დასაბუთებულობა, ხოლო შემდგომში, შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივარი განიხილონ ზეპირი მოსმენის გარეშე. მოსარჩელის მოსაზრებით, ახლად გამოვლენილი გარემოება უმრავლეს შემთხვევაში დაკავშირებულია ახალ ფაქტთან ან/და ახალ მტკიცებულებასთან, რომელთან დაკავშირებითაც შუამდგომლობის ავტორს უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა, წარდგეს სასამართლოს წინაშე და გააკეთოს შესაბამისი განმარტებები. ზეპირი მოსმენის გარეშე დასახელებულ საკითხთა განხილვა კი ვერ უზრუნველყოფს საქმის სრულყოფილ, ყოველმხრივ და ობიექტურ განხილვას რაც, მისი პოზიციით, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის პირველი წინადადებისა და მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.