სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს საქმეს „დიმიტრი ღონღაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2021 წლის 25 თებერვალს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „დიმიტრი ღონღაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (რეგისტრაციის №1377).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 201-206 მუხლების შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვის სხდომა ზეპირი მოსმენის ფორმით ჩატარდება დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დისტანციური სასამართლოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლირების გზით საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ (youtube) არხზე.

განსახილველ საქმეში, სადავოდ გამხდარი ნორმა ადგენს საპროცესო მოქმედების შესრულების შედეგად მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის წესს, რომლის თანახმადაც ასეთი უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების შესაბამის ანგარიშზე შეტანის გზით.

მოსარჩელის პოზიციით, საპროცესო უზრუნველყოფის გარანტად მხოლოდ ფულადი თანხის ან/და ფასიანი ქაღალდების განსაზღვრით არაეფექტური ხდება გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რაც ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მოსარჩელის მითითებით, როდესაც პირს არ აქვს ფულადი თანხა ან/და ფასიანი ქაღალდები, თუმცა აქვს ქონება, რომლის ღირებულებაც სრულად უზრუნველყოფს მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურებას, ის მოკლებულია შესაძლებლობას, აღნიშნული ქონებით მოახდინოს უზრუნველყოფის გარანტირება. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა ასევე შესაძლებელი უნდა იყოს სხვადასხვა საშუალებებით, როგორებიცაა, მაგალითად, იპოთეკა, გირავნობა.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.