სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №1424 და №1490 კონსტიტუციური სარჩელები („ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“)

2022 წლის 4 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა 1424 და 1490 კონსტიტუციური სარჩელები („ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

მოსარჩელე სადავოდ ხდიდა ნორმას, რომელიც ადვოკატისათვის ადგენს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სავალდებულო წევრობას. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ადვოკატისთვის ერთი კონკრეტული ასოციაციის სავალდებულო წევრობის დადგენა გამორიცხავს მის მიერ სხვა ასოციაციის შექმნის შესაძლებლობას, რაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას მონოპოლიურ მდგომარეობაში აყენებს და ლახავს ადვოკატების მეწარმეობის თავისუფლებას. მოსარჩელე მხარე დამატებით აღნიშნავდა, რომ სავალდებულო წევრობის მოთხოვნა გაუმართლებლად ზღუდავს ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელებისა და ადვოკატთა თვითორგანიზების კონსტიტუციურ უფლებასაც.

მოპასუხე მხარის განმარტებით, ადვოკატის, ისევე, როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობა როგორც მოქმედი კანონმდებლობის, ასევე მათი საქმიანობის შინაარსის გათვალისწინებით, არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას, რაც გამორიცხავს სადავო ნორმის საფუძველზე მეწარმეობის თავისუფლებისა და მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვის კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევას. ამასთან, ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო წევრობის დანაწესი არ გულისხმობს ჩარევას ცალკეული ადვოკატის ინდივიდუალურ, ისევე, როგორც ადვოკატთა ინსტიტუციურ დამოუკიდებლობაში, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადების ფარგლებით არის დაცული. თავის მხრივ, ადვოკატთა ასოციაციის წევრობის ვალდებულების დადგენა მიზნად ისახავს ადვოკატის საქმიანობის, პროფესიაში შესვლის, პროფესიული ეთიკის ნორმებისა და ადვოკატის პროფესიასთან დაკავშირებული ყველა ძირითადი საკითხის ერთიანი წესების საფუძველზე რეგულირებას, რაც მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს.

საკონსტიტუციო სასამართლომ წინამდებარე საქმის ფარგლებში რელევანტური კანონმდებლობის, ისევე როგორც, სამართლებრივ სახელმწიფოში ადვოკატის/ადვოკატთა ასოციაციის როლის, შინაარსის გაცხადებული მიზნებისა და ფუნქციური დატვირთვის უპირატესად მხედველობაში მიღებით მიუთითა, რომ მათი მხრიდან არ ხორციელდება სამეწარმეო საქმიანობა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან მონოპოლიები საქართველოს კონსტიტუციის გაგებით შეიძლება არსებობდეს მხოლოდ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობა შეუძლებელია მიჩნეულ იქნეს სამეწარმეო საქმიანობის მონოპოლიად, ისევე როგორც, ადვოკატთა ასოციაცია - მონოპოლისტად. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე არ ხდება მეწარმეობის თავისუფლებისა და მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვის (გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა) კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განმარტა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებით დაცული სფერო. საკონსტიტუციო სასამართლომ ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელების ნაწილში მიუთითა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე არანაირად არ ხდება ხსენებულ უფლებრივ ასპექტში ჩარევა. კერძოდ, ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელებისთვის აუცილებელი გარანტიები სწორედ ადვოკატის სტატუსის მიღებიდან იწყებს მოქმედებას, სადავო ნორმა კი ეხება ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო გაწევრიანებას, შესაბამისად, აწესრიგებს ამ ეტაპამდე წარმოშობილ ურთიერთობას. ადვოკატთა თვითორგანიზების კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით სასამართლომ დაადგინა, რომ მისგან ამოკითხვადია არა ინდივიდუალური ადვოკატის უფლება, თავისი საადვოკატო საქმიანობა დაგეგმოს და წარმართოს საკუთარი შეხედულებების, სურვილებისა და პრიორიტეტების მიხედვით, არამედ ადვოკატთა კორპუსის კოლექტიური უფლება, დამოუკიდებლად მოახდინოს ადვოკატის პროფესიისა და საქმიანობის ორგანიზაცია და მართვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, წინამდებარე საქმის ფარგლებში მოსარჩელე იმას კი არ დავობდა, რომ ადვოკატთა ასოციაციას, რომლის ნაწილიც თავად არის, სადავო ნორმით შეეზღუდა თვითრეგულირების უფლება ან მისი რომელიმე კომპონენტი, არამედ სადავო ნორმის გასაჩივრებით, რეალურად აპელირებდა იმაზე, რომ ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო წევრობით, შელახულია მისი ინდივიდუალური ინტერესები, რაც სცდება დასახელებული კონსტიტუციური დებულებით დაცული უფლებრივი სფეროს ფარგლებს.

სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ, სადავო ნორმის საფუძველზე დადგენილ ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო წევრობა არათუ ზღუდავს კონსტიტუციით დაცულ ადვოკატთა თვითორგანიზების უფლებას, არამედ, პირიქით, იგი ხელს უწყობს მის პრაქტიკაში რეალიზაციას, ვინაიდან ადვოკატთა ასეთი სავალდებულო თანამონაწილეობის გარეშე შეუძლებელი გახდებოდა იმ მიზნების მიღწევა, რასაც ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება ემსახურება. გარდა ამისა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნორმა არ აბრკოლებს მოსარჩელეს და, ზოგადად, ადვოკატს, ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო წევრობის პარალელურად, მათთვის პრიორიტეტული ინტერესების გათვალისწინებით, თავად დააარსონ ამა თუ იმ პროფილის ადვოკატთა ორგანიზაცია და განახორციელონ შესაბამისი საქმიანობა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, მათ შორის, არ ხორციელდება ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებით დაცულ უფლებაში და კონსტიტუციურ სარჩელები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

დავის საგანი:ადვოკატთა შესახებსაქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვებისდა გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაშიკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 26- მუხლის მე-4 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით და 31- მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით.