სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1337 კონსტიტუციური სარჩელი („ხათუნა წოწორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“)

2020 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა №1337 კონსტიტუციური სარჩელი („ხათუნა წოწორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

№1337 კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული სადავო ნორმა ადგენდა, რომ სამკვიდროს გაყოფისას თითოეული მემკვიდრის წილში ჩაითვლებოდა იმ ქონების ღირებულება, რომელიც მან მამკვიდრებლისაგან საჩუქრის სახით მიიღო, სამკვიდროს გახსნამდე 5 წლის განმავლობაში.

მოსარჩელის მტკიცებით, მამკვიდრებლის მიერ მემკვიდრის დასაჩუქრების შემთხვევაში, სამკვიდროს გახსნისას, სადავო ნორმიდან გამომდინარე, ხდებოდა დასაჩუქრებული მემკვიდრის წილის უსაფუძვლოდ შემცირება, სხვა, თანაბარი რიგის კანონით მემკვიდრეთა სასარგებლოდ, რაც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ როგორც მემკვიდრის, ისე მამკვიდრებლის საკუთრების უფლებას.

მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გასაჩივრებული ნორმა ემსახურებოდა კანონისმიერ მემკვიდრეთა შორის წილთა სამართლიანი განაწილების პრინციპს და შესაბამისად, სხვა თანამემკვიდრეთა ინტერესების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. ამ დროს, კანონმდებელი მოქმედებს პრეზუმფციით, რომ მამკვიდრებელს სურს, ყველა მემკვიდრეს მოეპყროს თანაბრად. ამასთან, მიიჩნევა, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე 5 წლის განმავლობაში კანონისმიერი მემკვიდრეები ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. ამდენად, ვინაიდან მამკვიდრებელი არ იყენებს ანდერძით მემკვიდრეთა შორის სამკვიდროს ასიმეტრიულად განაწილების შესაძლებლობას, სადავო ნორმა უზრუნველყოფდა ინტერესთა გონივრულ დაბალანსებას. ამასთან, ვინაიდან დასაჩუქრებული პირი სამკვიდროს გახსნის შემდგომაც ინარჩუნებს ქონებაზე საკუთრებას და ხდება მხოლოდ ამ ქონების ღირებულების სამკვიდრო წილში ჩათვლა, საფრთხე არ ექმნებოდა მის საკუთრების უფლებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს, მემკვიდრეთა შორის სამკვიდრო მასიდან წილთა სამართლიანი განაწილება, მიიჩნია იმ ლეგიტიმურ ინტერესად, რომლის გამოც შესაძლებელია საკუთრების უფლების შეზღუდვა. ამავდროულად, სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმას საფუძვლად უდევს პრეზუმფცია, რომ მამკვიდრებელს სურს, თანაბრად მოეპყროს ყველა თანაბარი რიგის მემკვიდრეს. მართალია, ზოგადად, კანონმდებლის მხრიდან მემკვიდრეობითსამართლებრივი საკითხების მოწესრიგება პრეზუმფციის საფუძველზე დასაშვებია, თუმცა, კონკრეტულ ვითარებაში, შერჩეული ღონისძიება უნდა ახდენდეს საკითხის გადაწყვეტას ინტერესთა მაქსიმალური დაბალანსების გზით.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქონების გაჩუქებისას, მამკვიდრებელი წინასწარ ვერ განსაზღვრავს ვერც სამკვიდროს გახსნის მომენტს და ვერც ამ დროს დასაჩუქრებული პირის უფლებრივ სტატუსს. მართალია, მამკვიდრებელს ქონების გასხვისებისას შესაძლებელია, ჰქონდეს ამ გარიგებით მომავალში მემკვიდრეების წილებზე გავლენის მოხდენის სურვილი, თუმცა, მისი მკვეთრად გამოხატული ნების გარეშე, არაფერი მიუთითებს ასეთი სურვილის არსებობაზე, მინიმუმ, უმრავლეს შემთხვევაში. სადავო ნორმით კანონმდებელი საკანონმდებლო პრეზუმფციას ეყრდნობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც შეუძლებელია მამკვიდრებლის ნების დადგენა, არამედ მაშინაც, როდესაც ეს უკანასკნელი ცოცხალია და ახორციელებს ქონების ჩუქებით გასხვისებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ დაუშვებელია, კანონმდებელი მოქმედებდეს მარტოოდენ საკუთარი ვარაუდის საფუძველზე და უგულებელყოფდეს მამკვიდრებლის, ქონების მესაკუთრის ნამდვილ ნებას. მამკვიდრებლის ნების საკანონმდებლო პრეზუმფციით ჩანაცვლება, როდესაც ქმედების გონივრული შეფასება აშკარად ქონების უპირობოდ ჩუქების მიზანზე მიუთითებს, მოკლებულია ლოგიკურ ახსნას. ამ დროს, კანონმდებელი პრეზუმირებს, რომ მამაკვიდრებელის ნება რეალურად მის მიერ გამოხატულის საპირისპიროა. სამოქალაქო კანონმდებლობა ორიენტირებული უნდა იყოს მესაკუთრის ნების პატივისცემაზე, ხოლო, მსგავსი პრეზუმფცია ემსგავსება მამკვიდრებლის ნების უგულებელყოფას, როდესაც მის მიერ ქონების გაჩუქების ფაქტს, გამჩუქებლის მითითების გარეშე, დამატებით შედეგებს უკავშირებს. ამავე დროს, სახეზე არ არის ლეგიტიმური ინტერესი, რომელიც ქონების განკარგვასთან დაკავშირებით მესაკუთრის ნების დაძლევას გაამართლებდა.

შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა არ ადგენს გონივრულ ბალანსს მამკვიდრებლისა და მემკვიდრის ქონებრივ უფლებებსა და საჯარო ინტერესებს შორის, რის გამოც იგი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განმტკიცებულ საკუთრების უფლებას.

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1455-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.