სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1330 კონსტიტუციური სარჩელი

2021 წლის 23 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა №1330 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი ცერცვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

მოსარჩელე სადავოდ ხდიდა საქართველოს მთავარი პროკურორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის უფლებამოსილებას, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოეღო საქმე და გამოსაძიებლად გადაეცა იმ ორგანოსთვის, რომლის თანამშრომლის მიერ კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული უფლების ხელყოფის ფაქტზე არსებობდა საფუძვლიანი საჩივარი.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე საფუძვლიანი საჩივრის არსებობის შემთხვევაში, საქმის გამოძიების ამავე საგამოძიებო ორგანოსთვის მინდობა გამოძიების დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად წარმართვას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის და ეწინააღმდეგება გამოძიების ეფექტიანად წარმართვის პრინციპს.

მოპასუხე მხარის პოზიციით, სადავო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას უფლებამოსილი პირი შეზღუდულია ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას, იგი მხედველობაში იღებს სრულყოფილი და ჯეროვანი გამოძიების წარმართვის ლეგიტიმურ მიზანს. ამასთან, სადავო ნორმის გამოყენების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სადავო ნორმას არ გააჩნია მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ არ არსებობს სადავო დისკრეციული უფლებამოსილების შემზღუდველი ნორმატიული სახელმძღვანელო პრინციპები ან ნორმის პრაქტიკაში გამომყენებელი ორგანოს მიერ დადგენილი ავტორიტეტული განმარტება მის შინაარსთან დაკავშირებით. ამდენად, სადავო ნორმის კეთილსინდისიერი წაკითხვის პირობებში, არ არის გამორიცხული, შესაბამისმა უფლებამოსილმა პირმა იგი გამოიყენოს მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი შინაარსით.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ გამოძიების წარმოება იმ საგამოძიებო ორგანოს მიერ, რომლის თანამშრომლის მიერ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზეც არსებობს საფუძვლიანი საჩივარი, გამოძიების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის უგულებელყოფის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო შემთხვევაა. სასამართლომ ასევე მიუთითა საგამონაკლისო შემთხვევებზე, როდესაც შესაძლოა, გამოძიების ეფექტიანობა მოითხოვდეს ასეთი ორგანოს მიერ საგამოძიებო მოქმედებების წარმართვას. მიუხედავად აღნიშნულისა, სადავო ნორმა უშვებდა შესაძლებლობას, უფლებამოსილ პირს დისკრეციული უფლებამოსილება გამოეყენებინა სადავოდ გამხდარი შინაარსით ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის, მაშინ, როდესაც ასეთი გადაწყვეტილება არ იყო გამოწვეული ობიექტური აუცილებლობით, რაც კონსტიტუციის მე-9 მუხლიდან მომდინარე პოზიტიური ვალდებულების დარღვევად იქნა მიჩნეული.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „საქართველოს მთავარ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს“ (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.