სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1558 კონსტიტუციური სარჩელი

2022 წლის 23 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა №1558 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი ლაშხი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).

სადავო ნორმა ადგენდა, რომ საქართველოს მთავრობის №368 დადგენილებით გათვალისწინებული წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრებოდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42​11 მუხლის შესაბამისად.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, იგი სადავო ნორმის საფუძველზე ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული წესი, რომელიც აკრძალავდა ღია საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნას/გადაადგილებას. მოსარჩელე მხარე განმარტავდა, რომ საქართველოს მთავრობას არ ჰქონდა მისი დაჯარიმების საკანონმდებლო საფუძველი და, იმავდროულად, იგი თავად არ იყო უფლებამოსილი, ქმედება განესაზღვრა სამართალდარღვევად და დაეწესებინა პასუხისმგებლობა. შესაბამისად, სადავო ნორმა წინააღმდეგობაში მოდიოდა პასუხისმგებლობის კანონით დაკისრების კონსტიტუციურ მოთხოვნასთან.

მოპასუხე მხარის განმარტებით, საქართველოს მთავრობას პარლამენტისგან დელეგირებული ჰქონდა პირბადის ტარების წესის განსაზღვრის უფლებამოსილება, რაშიც სხვადახვა ტექნიკურ საკითხებთან ერთად, ასევე მოიაზრებოდა ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების დადგენის უფლებამოსილებაც. ამდენად, იგი სადავო საკითხის რეგულირებისას არ გასცდენია დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებს. იმავდროულად, ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის პირის დაჯარიმება არ წარმოადგენდა აღმასრულებელი ხელისუფლების ნებას და იგი სადავო ნორმის საფუძველზე ვერც განხორციელდებოდა, ვინაიდან მოსარჩელის დაჯარიმების დროს მოქმედი რედაქციით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42​11 მუხლი პასუხისმგებლობას ადგენდა მხოლოდ დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის განმარტებით, სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების მოთხოვნებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 3 ნოემბრიდან 2021 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში სადავო ნორმა პასუხისმგებლობას ადგენდა ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ისე, რომ იგივე ვალდებულება აღნიშნული დროის პერიოდში გათვალისწინებული არ იყო საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული აქტით. შესაბამისად, შესაფასაბელი იყო, ზემოაღნიშნულ პერიოდში, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება რამდენად თავსებადი იყო საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის კანონის საფუძველზე დაკისრების კონსტიტუციურ მოთხოვნასთან და ხომ არ იწვევდა იგი კონსტიტუციის ხსენებული დებულების ფორმალურ მოთხოვნათა დარღვევას.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიმოიხილა მისი მყარად დადგენილი პრაქტიკა და აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით განმტკიცებულია სამართლებრივი პასუხისმგებლობის კანონით დაკისრების კონსტიტუციური გარანტია, რაც გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ საკანონმდებლო ხელისუფლებაა უფლებამოსილი, განსაზღვროს დასჯადი ქმედების შინაარსი და დააწესოს მისთვის პასუხისმგებლობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განმარტა პასუხისმგებლობის კანონით დაკისრების კონსტიტუციური მოთხოვნის არსი და დანიშნულება და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებებში ისეთი ინტენსიური ჩარევა, რაც შედეგად მოსდევს პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, აუცილებელია განხორციელდეს უმაღლესი ლეგიტიმაციის ორგანოს მიერ მიღებული აქტით, ვინაიდან პარლამენტს გააჩნია პირდაპირი ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე და, ამავდროულად, აღნიშნულ ორგანოში საკითხის გადაწყვეტა ხდება სათანადო პროცედურული გარანტიებით, რაც ამცირებს ძირითად უფლებებში დაუსაბუთებლად ჩარევის რისკებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ საკითხის სწორად შეფასებისთვის, პირველ რიგში, დაადგინა, კონკრეტულად, რა საკითხის მოწესრიგების უფლებამოსილება გადასცა საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მთავრობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 მუხლის საფუძველზე. სასამართლომ ნორმის ანალიზის საფუძველზე აღნიშნა, რომ ზემოთხსენებული ნორმა უთითებდა არა ზოგადად პირბადის ტარების წესის დარღვევაზე, არამედ კონკრეტულ სივრცეებში, კერძოდ, დახურულ საჯარო სივრცეში, აგრეთვე საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის, მეტროპოლიტენით) და ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევაზე. ამდენად, ნორმის ანალიზი ცხადყოფდა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ნება იყო, თავად განესაზღვრა ის სივრცეები (დახურული საჯარო სივრცე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, M1 კატეგორია ტაქსი), სადაც სავალდებულო იქნებოდა პირბადის გამოყენება, ხოლო აღნიშნულ სივრცეებში პირბადის გამოყენების წესის განსაზღვრის უფლებამოსილება კი მან გადაანდო საქართველოს მთავრობას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობამ ღია საჯარო სივრცეში გადაადგილებისას პირბადის ტარების ვალდებულების დადგენით, გააფართოვა ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსის 4211 მუხლით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების (რომელიც მხოლოდ დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევას შეეხებოდა) დიაპაზონი და შემოიღო ახალი სანქცირებადი ქმედება.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, საქართველოს მთავრობას არ აქვს პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის მიღების უფლება. ამდენად, სადავო მოწესრიგება შეუთავსებელი იყო სამართლებრივი პასუხისმგებლობის კანონით განსაზღვრის კონსტიტუციურ მოთხოვნასთან და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც 2020 წლის 3 ნოემბრიდან 2021 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 მუხლის შესაბამისად, პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის.

დავის საგანი: „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებით დამტკიცებული „პირბადის ტარების წესის“ მე-5 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.