სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1506 კონსტიტუციური სარჩელი

2022 წლის 13 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა №1506 კონსტიტუციური სარჩელი („ლევან დარსალია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სადავო ნორმა ადგენდა, რომ ბრალდებულის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზის მიზნით მოთავსების შესახებ პროკურორისა და ადვოკატის შუამდგომლობა განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე, ხოლო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არ საჩივრდებოდა.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, გასაჩივრებულმა ნორმამ, ერთი მხრივ, შეუზღუდა შესაძლებლობა ზეპირი განხილვის ფორმატში გამოეთქვა პოზიცია ბრალდების მხარის შუამდგომლობაზე და სასამართლოსთვის წარედგინა სათანადო მტკიცებულებები, რათა დაესაბუთებინა, რომ არ არსებობდა, მისი შერაცხაობის საკითხის დადგენის მიზნით, სამედიცინო დაწესებულებაში არანებაყოფლობითი მოთავსების საჭიროება. მეორე მხრივ კი, სადავო რეგულირების პირობებში, არ მიეცა შესაძლებლობა გაესაჩივრებინა შუამდგომლობის შესახებ მიღებული განჩინება ზემდგომ ინსტანციაში, რითაც თავიდან ვერ იქნა არიდებული შეცდომის დაშვებისა და კანონის არასწორად გამოყენების რისკები.

მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო რეგულირების ლეგიტიმური მიზნები იყო პროცესის ეკონომიურობის უზრუნველყოფა და მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელება, რაც მოიცავდა სასამართლოს გადატვირთულობისგან დაცვასაც. თუმცა საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს ბრალდებულის უფლებრივ სფეროში ინტენსიურ ჩარევაზე და მიუთითეს, რომ კერძო ინტერესი გადაწონიდა ნორმით გათვალისწინებულ ლეგიტიმურ საჯარო მიზნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტმა ცნო კონსტიტუციური სარჩელი.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში განთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება საქმის განმხილველი სასამართლოსგან საჭიროებს ფაქტობრივი გარემოებების დადგენას და ამავდროულად, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბრალდებულის უფლებრივ მდგომარეობაზე, რამდენადაც აქვს ინტენსიურად მზღუდავი ბუნება როგორც პირის ჯანმრთელობის უფლებასთან, ისე მის ფიზიკურ თავისუფლებასთან მიმართებით. ამდენად, სასამართლო მიიჩნია, რომ პირის ინტერესი, არ მოხდეს მისი სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზის მიზნით განთავსების შესახებ შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა, მნიშვნელოვნად აღემატებოდა მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელებისა და პროცესის ეკონომიურობის ინტერესებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიმოიხილა მისი მყარად დადგენილი პრაქტიკა და აღნიშნა, რომ როდესაც ცალკეული საკითხის გადაწყვეტა ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში საჭიროებს ფაქტების დადგენას და, ამავდროულად, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პირის სამართლებრივ მდგომარეობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნაა, რომ რომ არა მხოლოდ სასამართლოს ჰქონდეს დისკრეციული უფლებამოსილება, ცალკეულ შემთხვევაში განსაზღვროს, არსებობს თუ არა ზეპირი მოსმენის ჩატარების საჭიროება, არამედ, აგრეთვე აუცილებელია, რომ კანონმდებლობა უზრუნველყოფდეს დაინტერესებულ პირს ისარგებლოს საკითხის ზეპირი მოსმენის გზით განხილვის შესაძლებლობით.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელეს ჰქონდა განჩინების გასაჩივრების მომეტებული სამართლებრივი ინტერესი, რადგან სადავო ნორმის ფარგლებში, მის მიმართ გამოყენებული იყო უფლებების ინტენსიურად მზღუდავი ღონისძიება და ამავდროულად, სადავო რეგულირება არ ითვალისწინებდა პირველი ინსტანციის მოსამართლის მიერ შესაძლო შეცდომების პრევენციას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების სიტყვები „შუამდგომლობა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე“ და „ხოლო მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება“.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.