სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა N876 კონსტიტუციური სარჩელი

2022 წლის 20 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა N876 კონსტიტუციური სარჩელი („„ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედ“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

მოსარჩელე სადავოდ ხდიდა თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის აკრძალვის წესის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის აკრძალვის პრინციპთან მიმართებით (საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადება). მოსარჩელის მითითებით, ეკონომიკური აგენტის მიერ საკუთარ ნაწარმზე თავისუფალი ფასწარმოქმნა არის აღნიშნული ეკონომიკური აგენტის უფლება და არა მართლსაწინააღმდეგო ქმედება. იმისათვის, რომ ეკონომიკურმა აგენტებმა კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებს გაუწიონ მეტოქეობა, აუცილებელია, ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავისუფლად შეიმუშაონ ფასწარმოქმნის სტრატეგიები, განსაზღვრონ და დაადგინონ კონკრეტული ნაწარმის ფასები, წარმართონ საკუთარი საქმიანობა იმგვარად, რომ მომხმარებელს შესთავაზონ უკეთესი პირობები, ფასები, ხარისხი და სხვა ეკონომიკური მახასიათებლები. ამრიგად, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სახელმწიფოს შეუძლია დააწესოს შეზღუდვა თამბაქოს ნაწარმის უფასო მიწოდებაზე, თუმცა დაუშვებელია მეწარმე სუბიექტებს შორის თამბაქოს პროდუქციის სარეალიზაციო ფასების კონტროლი.

მოპასუხის პოზიციით, სადავო ნორმის რეგულირების სფეროს და ლეგიტიმურ მიზანს განეკუთვნება საქართველოში მყოფი ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დაცვა, თამბაქოს ნაწარმის მოხმარებით გამოწვეული დაავადებიანობის და სიკვდილის შემცირება. მოპასუხის განმარტებით, ბაზარზე შესაბამისი ნაწარმის თვითღირებულებას, უპირველეს ყოვლისა, განსაზღვრავს თავად მწარმოებელი. ამასთან, ნაწარმის თვითღირებულება ექვემდებარება დათვლას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, მაგ., შესაბამისი პროდუქციის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადმოტანის დროს. მოპასუხის მითითებით, როგორც წესი, ერთმანეთისაგან იმიჯნება თვითღირებულების ცნება შესაბამისი ნაწარმის იმპორტისა და ადგილობრივი წარმოების დროს. იმპორტის შემთხვევაში, ნაწარმის თვითღირებულება გულისხმობს ნაწარმის შეძენის და იმპორტის ხარჯების ერთობლიობას. ხოლო ადგილობრივი წარმოების შემთხვევაში წარმოების ხარჯების გათვალისწინებით, თვითღირებულება განისაზღვრება ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში. გასაჩივრებული რეგულაცია კი შემოიფარგლება მხოლოდ თამბაქოს ნაწარმის უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის შეზღუდვით. შესაბამისად, მოპასუხის მითითებით, იგი არის მოსარჩელის კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის ნაკლებად ინტენსიური საშუალება და არ ეწინააღმდეგება სამეწარმეო თავისუფლებისა და კონკურენციის განვითარების უფლებას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმა გამორიცხავს თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის ნებისმიერ შესაძლებლობას, განურჩევლად იმისა, გააჩნია თუ არა თამბაქოს ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის კანონიერი ეკონომიკური ინტერესი. გასაჩივრებული ნორმა იმპერატიულად გამორიცხავს თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მაგ., მართალია თამბაქოს ნაწარმის სარეალიზაციო ფასი თვითღირებულებაზე დაბალია, მაგრამ აღემატება საშუალო ცვლად დანახარჯებს და დანახარჯებზე დაბალ ფასად მისი რეალიზაცია ნაკარნახევია ეკონომიკური აგენტის ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესებით, არის ეკონომიკურად დასაბუთებადი და გამართლებადია ქმედების ობიექტური აუცილებლობით.

სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმა ეკონომიკურ აგენტებს შორის თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის შეზღუდვით, ემსახურება თამბაქოს ნაწარმის მოხმარების აღკვეთასა და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, აგრეთვე, არაჯანსაღი საბაზრო გარემოსაგან ეკონომიკური აგენტების დაცვისა და ბაზრის სტაბილურობის უზრუნველყოფის ლეგიტიმურ მიზნებს.

სასამართლომ განმარტა, რომ მაგ., როდესაც დანახარჯები აღემატება საშუალო ცვლად დანახარჯებს, ეკონომიკურ აგენტს, საკუთარი ბიზნეს სტრატეგიებიდან და საფასო პოლიტიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ლეგიტიმურად უღირდეს მოკლევადიან პერსპექტივაში ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია, იმ მოტივით, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში იგი ხსენებულ დანაკარგს აინაზღაურებს (ბუნებრივია, აღნიშნული არ გულისხმობს კონკურენტი ეკონომიკური აგენტების გაკოტრების, ბაზრიდან განდევნის ხარჯზე ანაზღაურებას). ამგვარი შემთხვევები შესაძლებელია, მაშინ წარმოიშვას, როდესაც ეკონომიკური აგენტი ცდილობს ბაზარზე შესვლას, გეგმავს გარკვეული ტიპის აქციებს საკუთარი ცნობადობის ამაღლებისათვის და ა. შ.. გარდა აღნიშნულისა, ეკონომიკურ აგენტს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის ლეგიტიმური ეკონომიკური ინტერესი შესაძლებელია, გააჩნდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც შესაბამისი ნაწარმი განიცდის გადაფასებას, მოძველებას ან ვერ პასუხობს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს და ეკონომიკურ აგენტს სურს აღნიშნული პროდუქციის მარაგის სრული რეალიზაცია, რაც განაპირობებს ნაწარმის რეალურ ღირებულებად რეალიზაციის აუცილებლობას, რომელიც შესაძლებელია მის თვითღირებულებაზე ნაკლები იყოს. კონკრეტული ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციას ლეგიტიმური ეკონომიკური გამართლება შესაძლებელია, ჰქონდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ეკონომიკურ აგენტს სურს ახალი პროდუქციის ხაზების გაშვება ან არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც დაადასტურებდა კონკურენტი ეკონომიკური აგენტის ლეგიტიმურ ეკონომიკურ ინტერესს და გამორიცხავდა სხვა კონკურენტი ეკონომიკური აგენტისათვის არასამართლიანი ფასების დაწესების და, ამ თვალსაზრისით, ზიანის მიყენების მიზანს. ამგვარ შემთხვევებში, ნაწარმის ღირებულების კონკურენტული ბაზრის საწინააღმდეგოდ მიჩნევისათვის, აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს სხვადასხვა გარემოება, მათ შორის, შესაბამისი ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის ვადა, ამგვარი ფასით რეალიზებული ნაწარმის მოცულობა/რაოდენობა, და სხვ.. გარდა ამისა, საჭიროა, დადასტურდეს, რომ ეკონომიკური აგენტის მიერ ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია მიზნად ისახავს, არალეგიტიმური გზებით, კონკურენტი ეკონომიკური აგენტის კონკურენტუნარიანობის დაქვეითებას, ბაზრიდან განდევნას და ამ გზით, მისთვის ზიანის მიყენებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თამბაქოს ბაზარზე თავისუფალი მეწარმეობისა და ჯანსაღი კონკურენციის გარანტირებისა და ბაზრის სტაბილურობის დაცვისათვის აუცილებელია, გამორიცხული იყოს თამბაქოს ნაწარმზე ფასწარმოქმნის მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის ინტერესების საწინააღმდეგო მეთოდები. ამის საპირისპიროდ, სადავო ნორმა კრძალავდა თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციას თვითღირებულებაზე დაბალ ფასად იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეკონომიკურ აგენტს გააჩნია მართლზომიერი ბიზნეს ინტერესები (მაგ., ამგვარი შემთხვევა შეიძლება არსებობდეს, როდესაც ნაწარმის სარეალიზაციო ფასი ნაკლებია საშუალო მთლიან დანახარჯზე, მაგრამ მეტია საშუალო ცვლად დანახარჯზე) და, ამ თვალსაზრისით, იმაზე მეტად ზღუდავდა ეკონომიკური აგენტის მეწარმეობის თავისუფლების უფლებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნების უზრუნველყოფისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის სიტყვების „ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც, მართლზომიერი ეკონომიკური ინტერესების არსებობისას, კრძალავს თამბაქოს ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტის მიერ ამავე ბაზარზე მოქმედ მეორე ეკონომიკურ აგენტზე თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციას.