სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1421, №1448 და №1451 კონსტიტუციური სარჩელები

2023 წლის 11 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა №1421, №1448 და №1451 კონსტიტუციური სარჩელები („„შპს იხტიოსი“, ზაზა პატარიძე, ნიკოლოზ ბერიაშვილი, შალვა ონიანი, ვახტანგ კობეშავიძე და მანანა ხარხელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

დავის საგანს წარმოადგენდა: ა) №1421 კონსტიტუციურ სარჩელზე: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) №1448 და №1451 კონსტიტუციურ სარჩელებზე: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის პირველი წინადადებისა და 269-ე მუხლის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

სადავო ნორმების თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ იყო გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამავდროულად, ხსენებულ შემთხვევაში, გამოირიცხებოდა მოსარჩელისათვის გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფის მოთხოვნა. დამატებით, სადავო ნორმა განსაზღვრავდა, რომ თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი არ იქნებოდა განხილული იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება, ის განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო რეგულირება, მხარეთა შეთანხმების ფარგლებში აქცევდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ეფექტიანობას. მოსარჩელის პოზიციით, სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიაზრებდა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვას და იმგვარი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც აღსრულებადია. შესაბამისად, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება, არღვევდა სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტიანად გასაჩივრების უფლებას. ამავდროულად, მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევისას, სასამართლო იკვლევდა ხელშეკრულების შინაარსს და განსაზღვრავდა ნამდვილია თუ არა მხარეთა შეთანხმება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე. შესაბამისად, სასამართლო იდგა ფაქტების დადგენის აუცილებლობის წინაშე, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილების ზეპირი მოსმენის გარეშე მიღება არღვევდა პირის სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

მოპასუხე მხარე აღნიშნავდა, რომ ზოგადად, მხარეთა უფლება, ხელშეკრულებით შეთანხმდნენ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე, აღმჭურველი ხასიათისაა. ასევე განმარტავდა, რომ აღნიშნული ნორმის მიზანი იყო მოსარჩელე მხარის დარღვეულ უფლებებში სწრაფად აღდგენა და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებად მიქცევის საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასთან დაკავშირებით კი, მოპასუხე მხარე მიუთითებდა, რომ დაუყოვნებლივი აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო შემოიფარგლებოდა მარტოოდენ იმის შემოწმებით, ხელშეკრულება ითვალისწინებდა თუ არა მხარეთა შეთანხმებას, რა დროსაც არ არსებობდა ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საჭიროება.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ეფექტური მართლმსაჯულება თავის თავში მოიაზრებს სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების აუცილებლობას. გადაწყვეტილების დროული აღსრულება პირდაპირ განაპირობებს მართლმსაჯულების ეფექტურობას. თუმცა, სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებასთან ერთად, კონსტიტუცია ასევე განამტკიცებს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, სწორედ გასაჩივრების უფლებით არის დაცული, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებამ არ დააყენოს ისეთი შედეგი, რომლის გამოსწორება ვერ მოხდება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც კი. განსახილველ შემთხვევაში კი, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა ქმნიდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების რეალურ შესაძლებლობას მანამ, სანამ სააპელაციო სასამართლო იმსჯელებდა აღსრულების შედეგად გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საკითხზე. აღნიშნული კი, რიგ შემთხვევებში, აზრს უკარგავდა ან/და მნიშვნელოვნად აუფასურებდა სააპელაციო საჩივრის შემდგომ განხილვასა და გადაწყვეტას.

საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტიანად გასაჩივრების უზრუნველსაყოფად, ერთი მხრივ, პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა მიენიჭოს შესაძლებლობა, დააბალანსოს მხარეთა დაპირისპირებული ინტერესები. კერძოდ, შეაფასოს, ხომ არ ადგება მოპასუხე მხარეს გამოუსწორებელი ზიანი, რომელიც, თავისი მნიშვნელობით, აღემატება მოსარჩელის დაცულ ინტერესს. ამავდროულად, პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის, დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მინიჭება იმგვარად, რომ მან დააბალანსოს მხარეთა ინტერესები, ვერ იქნება გასაჩივრების ეფექტურობის უზრუნველყოფის თვითკმარი საშუალება. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, კანონმდებელმა შექმნას მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სააპელაციო სასამართლოს მიერ საკუთარი გადაწყვეტილების აღსრულების ეფექტიანობას, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე ქმედითი ზედამხედველობის შესაძლებლობას. კერძოდ, სამართლიანი ბალანსის მისაღწევად მნიშვნელოვანია, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულდეს მანამ, სანამ სააპელაციო სასამართლო არ შეაფასებს დაუყოვნებლივი აღსრულების შედეგების გავლენას მისსავე გადაწყვეტილების ეფექტიანობაზე და იმსჯელებს დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ, გადაწყვეტილების ზეპირი მოსმენის გარეშე მიღებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლოს უწევს, დაადგინოს სახელშეკრულებო პირობის ნამდვილობა, ასევე, შეაფასოს, ხომ არ არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების რაიმე სხვა დამაბრკოლებელი გარემოება. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ხსენებული გადაწყვეტილების მიღებისას საქმის ზეპირი განხილვის წესის არსებობა.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმები, ხოლო იმ ნორმის ძალადაკარგულად ცნობის თარიღი, რომელიც ითვალისწინებს ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, გადაავადა 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე, რათა საქართველოს პარლამენტს მიეცეს გონივრული ვადა გადაწყვეტილების იმპლემენტაციისთვის საჭირო ცვლილებების განსახორციელებლად.