სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო განჩინება საქმეზე ,,გიორგი გოცირიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”

2020 წლის 11 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მიიღო განჩინება საქმეზე „გიორგი გოცირიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1476).

საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად ცნო სადავო ნორმა, რომელიც ადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მესაკუთრის მიერ, ან მესაკუთრის თანხმობით, კერძო საკუთრებაში არსებულ შენობაზე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების სპონტანური აქციის ფარგლებში, ხანმოკლე ვადით, დროებითი განთავსებისათვის.

მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ ხსენებულ ნორმას ჰქონდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის №1/5/1271 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტური შინაარსი და შუამდგომლობდა, მისი საქმის არსებითი განხილვის გარეშე, ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე.

საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის №1/5/1271 გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ დროულობას და მყისიერებას ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მიმდინარე აქტუალური მოვლენების შესახებ მოსაზრების გამოხატვისთვის. პროტესტის დაყოვნებამ შესაძლოა მინიმუმამდე შეამციროს მისი ეფექტურობა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვის საპირწონე ვერ იქნება ამა თუ იმ შენობა-ნაგებობის იერსახის ხანმოკლე, დროებითი სახეცვლილების პრევენცია.

მოპასუხე მხარემ, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იგი იზიარებდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის №1/5/1271 გადაწყვეტილებით დადგენილ კონსტიტუციურ სტანდარტს. სადავო ნორმა კი ადგენდა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტურ შეზღუდვას და სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად, მოპასუხე მხარემ ცნო №1476 კონსტიტუციური სარჩელი.

საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა მხარეების პოზიცია და მიუთითა, რომ სადავო ნორმა იმეორებდა №1/5/1271 გადაწყვეტილებით ძალადაკარგული ნორმის შინაარსს და არეგულირებდა არსებითად იდენტურ სამართლებრივ ურთიერთობას. განსხვავებას წარმოადგენდა მხოლოდ ის გარემოება, რომ განსახილველ საქმეში სადავო ნორმა შეეხებოდა ქალაქ თბილისში არსებულ შენობებს, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარსულში არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა - ყველა სხვა მუნიციპალიტეტს. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ცალკეულ შემთხვევაში, ამა თუ იმ ობიექტის გეოგრაფიული განლაგება, შესაძლოა, განაპირობებდეს მასზე განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმის გავრცელების აუცილებლობას, თუმცა, განსახილველ საქმეში არ გამოკვეთილა რაიმე ინტერესი, რომელიც ქალაქ თბილისში განთავსებულ კერძო საკუთრებაში არსებულ შენობებთან დაკავშირებით, სხვა მუნიციპალიტეტებისაგან განსხვავებული რეგულირების დადგენას განაპირობებდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმა, განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით, ცნო ძალადაკარგულად.

დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1502 მუხლის პირველი ნაწილის  სიტყვების „პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც გამორიცხავს მესაკუთრის მიერ ან მესაკუთრის თანხმობით პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების სპონტანური აქციის ფარგლებში, ხანმოკლე ვადით, დროებითი განთავსების შესაძლებლობას ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-5 პუნქტთან მიმართებით.