სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო განჩინება საქმეზე „ირაკლი მაჭუტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო განჩინება საქმეზე „ირაკლი მაჭუტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2022 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო განჩინება საქმეზე „ირაკლი მაჭუტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1583).

სადავო ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურად სამსახურის ზღვრულ ასაკად ადგენდა 50 წელს. მოსარჩელე მხარის განმარტებით, 50 წლის ასაკის მიღწევა, თავისთავად, არ განაპირობებს პირის ფიზიკური მონაცემებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის იმგვარ გაუარესებას, რომ მან ვერ შეძლოს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის ფუნქციების სრულფასოვნად შესრულება, რაც გამორიცხავს სადავო ნორმით დადგენილი ბლანკეტური შეზღუდვის რაციონალურობას და ლოგიკურ კავშირს შესაძლო ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმა ატარებდა დისკრიმინაციულ ხასიათს და, ამავდროულად, ეწინააღმდეგებოდა საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების კონსტიტუციურ უფლებას.

მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ გასაჩივრებულ რეგულაციას ჰქონდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767,1272 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტური შინაარსი და შუამდგომლობდა სადავო ნორმის საქმის არსებითი განხილვის გარეშე, ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე.

მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ იგი იზიარებდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767,1272 გადაწყვეტილებით დადგენილ კონსტიტუციურ სტანდარტს. სადავო ნორმას კი გააჩნდა დასახელებული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტური შინაარსი. შესაბამისად, მოპასუხე მხარემ ცნო №1583 კონსტიტუციური სარჩელი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767,1272 გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 50 წლის ასაკის მიღწევა, თავისთავად, არ განაპირობებს პირის ფიზიკური მონაცემებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის იმგვარ გაუარესებას, რომ მან ვერ შეძლოს სასამართლოს მანდატურის ფუნქციების სრულფასოვნად შესრულება. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმით დადგენილი ბლანკეტური შეზღუდვა არ იყო ლოგიკურ კავშირში მოპასუხის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ საჯარო მიზანთან, კერძოდ, საერთო სასამართლოებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სასამართლოს მანდატურის სამსახურის გამართული და ეფექტური ფუნქციონირების განმტკიცებასთან. ამასთან, ბლანკეტური ასაკობრივი შეზღუდვის არარაციონალურობაზე დამატებით მიუთითებდა ის ფაქტიც, რომ პირის თანამდებობასთან შესაბამისობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი იყო სასამართლოს მანდატურის უნარებისა და ფიზიკური მონაცემების ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა იმეორებდა №3/2/767,1272 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს და არეგულირებდა არსებითად იდენტურ სამართლებრივ ურთიერთობას. განსხვავებას წარმოადგენდა მხოლოდ ის გარემოება, რომ განსახილველ საქმეში სადავო ნორმა ადგენდა მუშაობის ზედა ზღვრულ ასაკს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურისათვის, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარსულში არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა იმავე ზედა ზღვრულ ასაკს ადგენდა სასამართლოს მანდატურად სამსახურისათვის.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ განსხვავებულ, თუნდაც თვისობრივად და ფუნქციურად ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ, სახელმწიფო ინსტიტუტებში დასაქმებული მანდატურების მიმართ წაყენებული მოთხოვნები, სხვადასხვა ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარემოების გათვალისწინებით, უპირველეს ყოვლისა კი, მათი შესასრულებელი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია, იყოს განსხვავებული და, შესაბამისად, ერთი და იმავე უფლების მსგავსი სამართლებრივი საშუალებით შეზღუდვის შემთხვევაშიც კი, წარმოიშვას ამ შეზღუდვის კონსტიტუციურობის ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შეფასების საჭიროება. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურების ფუნქციათა გაანალიზების საფუძველზე, მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე განსახილველი საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და დასახელებული განსხვავება არ წარმოშობდა სადავო რეგულაციის შემოწმების საჭიროებას არსებითი განხილვის ფორმატში. ამასთან, საქმის მსვლელობისას, არ გამოკვეთილა რაიმე დამატებითი ინტერესი ანდა ლეგიტიმური მიზანი, რომელიც დღის წესრიგში დააყენებდა, სადავო ნორმის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის საქმიანობის ასაკობრივი შეზღუდვის დამოუკიდებელი შეფასების საჭიროებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767,1272 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად იქნა მიჩნეული და ძალადაკარგულად გამოცხადდა განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით.

დავის საგანი: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 321 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.