სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №877 კონსტიტუციური სარჩელი

2020 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №877 კონსტიტუციური სარჩელი („შპს ალტა“, „შპს ოქეი“, „შპს ზუმერი ჯორჯია“, „შპს ჯორჯიან მობაილ იმპორტი“ და „შპს სმაილი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

№877 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმები, ფიზიკური პირის მიერ აუდიოვიზუალური ნაწარმოების ან ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების პირადი მიზნით რეპროდუცირებისას (კოპირებისას), ჰონორარის გადახდის ვალდებულებას უდგენდა ამგვარი ნაწარმოების რეპროდუცირებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების (მაგალითად, მობილური ტელეფონების და პერსონალური კომპიუტერების) და მატერიალური მატარებლების (მაგალითად, USB ფლეშ მეხსიერების) მწარმოებლებსა და იმპორტიორებს. ამასთანავე, ჰონორარის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრებოდა, ერთი მხრივ, აღნიშნულ მწარმოებლებს ან იმპორტიორებს და, მეორე მხრივ, ერთ-ერთ იმ ორგანიზაციას შორის შეთანხმებით, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ავტორთა, შემსრულებელთა და ფონოგრამების დამამზადებელთა ქონებრივ უფლებებს. თუ მხარეები ვერ მიაღწევდნენ შეთანხმებას, ჰონორარის ოდენობას, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესს, ერთ-ერთი მხარის ან მხარეების მიმართვის საფუძველზე, განსაზღვრავდა „საქპატენტი“. „საქპატენტის“ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებულიყო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებიდან 2 თვის ვადაში.

გარდა ამისა, სადავო ნორმები ქონებრივი უფლების კოლექტიურ საფუძველზე მართვის ორგანიზაციას ანიჭებდა უფლებას, ჰონორარის განსაზღვრის მიზნით, ფიზიკური და იურიდული პირებისგან, აგრეთვე საჯარო დაწესებულებებისგან გამოეთხოვათ შესაბამისი მოწყობილობების და მატერიალური მატარებლების იმპორტისა და წარმოების შესახებ ინფორმაცია. თავის მხრივ, რეპროდუცირებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების მწარმოებლებსა და იმპორტიორებს ეკისრებოდათ ამგვარი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება.

მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო რეგულაცია ჰონორარის გადახდაზე პასუხისმგებელ პირებად განსაზღვრავდა საავტორო ნაწარმოების რეპროდუცირებისთვის გამოსაყენებელ მოწყობილობათა მწარმოებლებსა და იმპორტიორებს, ნაცვლად იმ ადამიანებისა, ვინც ამ მოწყობილობებით უშუალოდ ახორციელებენ რეპროდუცირებას. ამასთან, მოსარჩელეთა მითითებით, კანონი არ ადგენდა ჰონორარის ფიქსირებულ ოდენობას ან მისი გაანგარიშების კონკრეტულ კრიტერიუმებს და იგი დამოკიდებული იყო ქონებრივი უფლების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის და იმპორტიორების/მწარმოებლების შეთანხმებაზე; შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში კი - საქპატენტის გადაწყვეტილებაზე, რაც, მოსარჩელეთა აზრით, აჩენდა ჰონორარის ოდენობის გაუმართლებლად გაზრდის რისკებს და ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით დაცულ საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას.

ამასთანავე, მოსარჩელეთა განცხადებით, ქონებრივი უფლების კოლექტიურ საფუძველზე მართვის ორგანიზაციას, ერთი მხრივ, ენიჭებოდა განუსაზღვრელი უფლებამოსილება, მოიპოვებინა ინფორმაცია იმპორტიორების შესახებ, მეორე მხრივ კი, არ არსებობდა მკაფიო საკანონმდებლო ბერკეტები, რომლებიც დაიცავდა მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას, რაც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პირადი ცხოვრებისა და პირის ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან დაკავშირებულ, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებულ ინფორმაციის ხელშეუხებლობის უფლებას.

მოპასუხე მხარე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმების ლეგიტიმური მიზანი იყო საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა ნაწარმოების უსასყიდლო გამოყენებისგან, ავტორის კანონით გარანტირებული ჰონორარით უზრუნველყოფა და ფიზიკური პირის რეპროდუცირების ადმინისტრირება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების შემქმნელი პირების ავტორად აღიარება და მათი ეკონომიკური ინტერესების დაცვა უკავშირდება მნიშვნელოვან საჯარო ლეგიტიმურ მიზნებს. ამ ფორმით სახელმწიფო ხელს უწყობს ინოვაციურ და შემოქმედებით საქმიანობას, მეცნიერების, ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოებების შექმნას, შენარჩუნებას და განვითარებას, აგრეთვე საზოგადოების კულტურული იდენტობის ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, ავტორების მიერ შექმნილი სიკეთით საზოგადოებრივ სარგებლობას, ხელს უწყობენ ნაწარმოებების შემსრულებლები, ინფორმაციის მატარებელზე შემნახველი და გამავრცელებელი პირები და მთელი ის კომერციული ინდუსტრია, რომელიც ამ პროცესშია ჩართული. ამ თვალსაზრისით, მომიჯნავე უფლებების მფლობელი სუბიექტების ეკონომიკური ინტერესების დაცვა პირდაპირ კავშირშია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებასთან და ხელს უწყობს მეცნიერების, ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოებების შექმნას, გავრცელებას და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ ფიზიკური პირების მიერ აუდიოვიზუალური ნაწარმოების ან ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების პირადი სარგებლობის მიზნით რეპროდუცირებისთვის ჰონორარის გადახდა, უკავშირდება საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა ქონებრივი ინტერესების დაცვას. შესაბამისად, ჰონორარის გადახდის საფუძველს ქმნის ფიზიკური პირის მიერ აუდიოვიზუალური ნაწარმოების ან ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების პირადი სარგებლობის მიზნით რეპროდუცირება. მიუხედავად ამისა, ჰონორარის გადახდის დაკისრება უშუალოდ რეპროდუცირების განმახორციელებელი ფიზიკური პირისათვის, საჭიროს გახდიდა თითოეული ფიზიკური პირის მიერ რეპროდუცირების ფაქტის დადგენას, შესაბამისი ჰონორარის ოდენობის განსაზღვრას და ჰონორარის გადახდევინების ადმინისტრირებას, რაც მნიშვნელოვან სირთულეებთან იქნებოდა დაკავშირებული და ეფექტურად ვერ დაიცავდა საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა ქონებრივ ინტერესებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიჩნია არაგონივრულად ჰონორარის გადახდის ვალდებულების გადაკისრება რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა იმპორტიორებისა და მწარმოებლებისთვის. სასამართლომ აღნიშნა, რომ შესაბამისი ტექნიკური საშუალებების მწარმოებლები და იმპორტიორები ხელს უწყობენ ფიზიკურ პირთა მიერ ნაწარმოებების პირადი სარგებლობის მიზნით რეპროდუცირებას, ხელმისაწვდომს ხდიან მათთვის შესაბამის მოწყობილობას და ამით თავადვე იღებენ ფინანსურ სარგებელს. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ მწარმოებლებისა და იმპორტიორების რაოდენობის, მათი საქმიანობის გათვალისწინებით, იქმნება ჰონორარის გადახდის ადმინისტრირების ხელსაყრელი პირობები, რაც მაგალითად, ფიზიკური პირებისთვის ჰონორარის გადახდის ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში, არ არსებობს.

რაც შეეხება ჰონორარის ოდენობის განსაზღვრის წესს, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ჰონორარის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს ნაწარმოების რეპროდუცირებაზე. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ კანონი ცხადად მიუთითებს „შესაბამის ჰონორარზე“, რისი მოთხოვნის უფლებაც გააჩნია ავტორსა თუ საავტორო უფლების სხვა მფლობელს. ამდენად, ჰონორარის შესაბამისობის განსაზღვრისთვის საჭირო გარემოება შეიძლება იყოს მოწყობილობისა და ინფორმაციის მატარებლის ბუნება, ფუნქციები, მისი პირველადი დანიშნულება, იმის დაახლოებითი ალბათობა, თუ რა სიხშირით იქნება იგი გამოყენებული აუდიოვიზუალური ან ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების პირადი სარგებლობის მიზნით რეპროდუცირებისათვის და ა.შ. ამდენად, ორგანიზაციასა და მწარმოებელ/იმპორტიორებს შორის უთანხმოების შემთხვევაში, სამართალშემფარდებელი, კანონიდან გამომდინარე, ვალდებულია, მხედველობაში მიიღოს ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება და არ დაადგინოს შეუსაბამო ჰონორარის ოდენობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ჰონორარის ოდენობა არ უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ სრულად ასცდეს ჰონორარის მიზნებს. გაუმართლებელი და დაუსაბუთებელია ჰონორარის გადახდევინება ისეთ შემთხვევებში, როდესაც აშკარაა, რომ ნაწარმოების რეპროდუცირება არ ხდება ან არ მოხდება. ჰონორარის ოდენობის განსაზღვრისას უმთავრესი სახელმძღვანელო პრინციპია იმის დადგენა - ხდება თუ არა შესაბამისი მოწყობილობით ან ინფორმაციის მატარებლით ფიზიკურ პირთა აუდიოვიზუალური ნაწარმოების ან ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირება. იმ შემთხვევაში თუ მოწყობილობის ან ინფორმაციის მატარებლის რეალიზაცია არ მომხდარა ან სხვაგვარად გამოირიცხება ფიზიკური პირის მიერ მისი გამოყენებით აუდიოვიზუალური ნაწარმოების ან ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირება, არ არსებობს ჰონორარის გადახდის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

ამას გარდა, საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ჰონორარის განსაზღვრის პროცედურაზე და აღნიშნა, რომ სადავო ნორმებით, ჰონორარის ოდენობის გაანგარიშების და გადახდის წესის განსაზღვრა ხდება სწორედ მწარმოებლებს/იმპორტიორებსა და ქონებრივი უფლების კოლექტიურ საფუძველზე მართვის ორგანიზაციას შორის ურთიერთმოლაპარაკებების გზით, რაც გამორიცხავს ორგანიზაციის მიერ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებას. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ შეთანხმება მიღწეული არ იქნება, შესაბამის პირობებს, ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების შეფასების გზით, დაადგენს „საქპატენტი“. ამასთან, სადავო ნორმებით, უზრუნველყოფილია „საქპატენტის“ მიერ დადგენილი პირობების სასამართლოს მეშვეობით გადახედვის შესაძლებლობაც, სადაც სამართალშემფარდებელი ვალდებულია გადაამოწმოს, რამდენად კანონიერად განისაზღვრა ჰონორარის ოდენობა, მისი გაანგარიშებისა და გადახდის წესი, რა დროსაც, ბუნებრივია, მხედველობაში მიიღებს კანონის სულისკვეთებას, არ მოხდეს შეუსაბამო ფასისა და გადახდის პირობების დადგენა მწარმოებლებისა და იმპორტიორებისთვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონი იძლევა ჰონორარის უსამართლოდ განსაზღვრის შესაძლებლობას.

საკუთრების უფლების შეზღუდვის პროპორციულობაზე მსჯელობისას, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმპორტიორებისა და მწარმოებლებისათვის ფინანსური ტვირთის დაწესება მათ მიერ სარეალიზაციო პროდუქციაზე, გარკვეულწილად, იძლევა ტვირთის მომხმარებელზე გადანაწილების შესაძლებლობას. იმპორტიორებისა და მწარმოებლების მიერ ჰონორარის გადახდა, გადახდილი ჰონორარის ფარგლებში იწვევს პროდუქციის (შესაბამისი მოწყობილობებისა და ინფორმაციის მატარებლების) ფასის ზრდას. შედეგად, ფინანსური ტვირთი არაპირდაპირ უწესდებათ იმპორტიორებისა და მწარმოებლების მიერ რეალიზებული პროდუქციის მომხმარებლებს. ამ პირობებში უშუალოდ იმპორტიორებისა და მწარმოებლების მიმართ ფაქტობრივად რჩება მხოლოდ ჰონორარის გადახდის ადმინისტრირების, მისი ფასში შეყვანის ეკონომიკური ტვირთი. ამავე დროს, საქმის განხილვის დროს არ გამოკვეთილა, რომ ჰონორარის გადახდის შედეგად პროდუქციის ფასი იმდენად იზრდება, რომ ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება ან/და არსებითად რთულდება მისი რეალიზება, რაც შეუსაბამოდ მძიმე ტვირთად აწვება მოსარჩელეთა სამეწარმეო საქმიანობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ საკუთრების უფლებასთან.

რაც შეეხება ქონებრივი უფლების კოლექტიურ საფუძველზე მართვის ორგანიზაციის უფლებას, მწარმოებლებისგან და იმპორტიორებისგან გამოითხოვონ ინფორმაცია წარმოებისა და იმპორტის შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას, კანონის სისტემური განმარტებიდან გამომდინარე, უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ ისეთი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ჰონორარის შეგროვებასთან და განაწილებასთან. ამდენად, გამორიცხული უნდა იყოს მწარმოებლის და იმპორტიორის საავტორო ორგანიზაციისთვის სხვა ისეთი ინფორმაციის გადაცემის დავალდებულება, რომელიც კავშირში არ იქნება ჰონორარის შეგროვებასთან და განაწილებასთან.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ქონებრივი უფლებების კოლექტიურად მართვის ორგანიზაციებისთვის გადაცემული ინფორმაციის გამჟღავნებისგან დაცვის მყარ გარანტიებს. უფრო კონკრეტულად, კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ორგანიზაციის ვალდებულება, რომ უზრუნველყოს მწარმოებლებისა და იმპორტიორების შესახებ მისთვის გადაცემული ინფორმაციის კონფიდენციალურობა. აგრეთვე, არ არის დადგენილი ორგანიზაციის მიერ ინფორმაციის დამუშავების სათანადო ადმინისტრაციული, ინსტიტუციური და ტექნიკური სტანდარტები, რომლებიც გამორიცხავდა ინფორმაციის უნებლიე გავრცელებას. კერძოდ, არ არის განსაზღვრული, რა ფორმით უნდა მოხდეს ამ ინფორმაციის დამუშავება, ორგანიზაციის რომელ თანამშრომელს და რა დათქმით აქვს ამ ინფორმაციის გამოყენების უფლება, როგორია ინფორმაციის შენახვის ტექნიკური მოთხოვნები და ა.შ. ასევე არ არის განსაზღვრული ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, რაიმე ტიპის პასუხისმგებლობა. ამ პირობებში, ინფორმაციის ორგანიზაციისათვის გადაცემა, თავისთავად, მოიცავს მისი მესამე პირებისათვის ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას. ქონებრივი უფლებების კოლექტიურად მართვის ორგანიზაციებისთვის გადაცემული ინფორმაცია, შესაძლებელია, გარეშე პირებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს, როგორც ორგანიზაციისა და მისი წარმომადგენლების განზრახვით, ისე ასეთი განზრახვის არარსებობის შემთხვევაშიც, ინფორმაციის უნებლიედ გავრცელებისას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-3 წინადადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტსა და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტს; ხოლო, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მწარმოებელს/იმპორტიორს ავალდებულებს, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციებს გადასცეს პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწ­ყო­ბილო­ბა­თა (აუ­დიო და ვი­დე­ო­მაგ­ნი­ტო­ფო­ნე­ბისა და სხვა მოწყო­ბი­ლო­ბათა) და მა­ტე­რი­ა­ლურ მატარებელთა (ფონო და ვი­დეო­ფირების, კასეტების, ლა­ზე­რუ­ლი ფირ­ფი­ტე­ბის, კომპაქტფირ­ფი­ტე­ბისა და სხვა მა­ტე­რი­ა­ლუ­რ მა­ტა­რებე­ლთა) წარმოებისა და იმპორტის შესახებ ინფორმაცია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტს.