სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №926 კონსტიტუციური სარჩელი

2022 წლის 4 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №926 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა ადგენდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონო დამზადების, გავრცელების ან რეკლამირების, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობის ანდა მისი შენახვისათვის გაყიდვის ან გავრცელების მიზნით.

მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმა არ განსაზღვრავდა პორნოგრაფიის დეფინიციას და მისი შინაარსის აღმწერ საკანონმდებლო კრიტერიუმებს, რაც ეწინააღმდეგება პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების ხარისხობრივ სტანდარტებს. ამასთანავე, განუჭვრეტელი ნორმის საფუძველზე, პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელებისათვის, პასუხისმგებლობის დაკისრებას გააჩნია ე. წ. „მსუსხავი ეფექტი“ გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის პროცესში. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ პორნოგრაფიული ნაწარმოების ზრდასრულ ადამიანებში გავრცელების შეზღუდვა ეწინააღმდეგებოდა გამოხატვის თავისუფლებას.

საქართველოს პარლამენტი მიუთითებდა, რომ შეუძლებელია პორნოგრაფიის ცნების ამომწურავად განსაზღვრება, რათა გამოირიცხოს მისი სუბიექტური განმარტების რისკები. მოპასუხის პოზიციით, პორნოგრაფიის სადავო ნორმის შენიშვნაში გადმოცემული ნეგატიური დეფინიცია და სისხლის სამართლის დევნის დაწყებისთვის ხელოვნებათმცოდნის შესაბამისი დასკვნა უზრუნველყოფდა სადავო ნორმის საკმარის განჭვრეტადობას. მოპასუხე მხარემ სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნად დაასახელა არასრულწლოვანი პირების ნორმალური ფიზიკური და სულიერი განვითარება, სექსუალური თვითგამორკვევის უფლების უზრუნველყოფა და მათი დაცვა პორნოგრაფიული ნაწარმოების ხილვით გამოწვეული ფსიქოლოგიური ზეგავლენისგან, ისევე, როგორც საზოგადოებრივი მორალისა და ზნეობის დაცვა. მოპასუხე მხარე მიიჩნევდა, რომ სადავო რეგულირება წარმოადგენდა ლეგიტიმური მიზნების მიღწევის გამოსადეგ, აუცილებელ და ვიწროდ პროპორციულ საშუალებას. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნად, აგრეთვე შესაძლოა მიჩნეულიყო ე. წ. „დატყვევებული აუდიტორიის“ ინტერესების დაცვა.

საკონსტიტუციო სასამართლომ პორნოგრაფიის ცნების განსაზღვრულობის დასადგენად, შეაფასა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლში მოხსენიებული ტერმინები: „უკანონო“ და „პორნოგრაფიული“. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა პორნოგრაფიული ნაწარმოების მართლზომიერად გავრცელების შესაძლებლობას მხოლოდ საკაბელო ტელევიზიის მეშვეობით და ამგვარი მასალის გავრცელება ნებისმიერი სხვა საშუალების, მათ შორის, ინტერნეტის გამოყენებით განიხილებოდა უკანონო გავრცელებად. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ამ თვალსაზრისით, სადავო ნორმა არ იყო ბუნდოვანი და არ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებას.  

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა და მომიჯნავე კანონმდებლობის რელევანტური დებულებები არ ითვალისწინებდა პორნოგრაფიის ცნების ნორმატიულ დეფინიციას. ამასთანავე, არ არსებობს საზოგადოებრივი კონსენსუსი პორნოგრაფიის ცნების შინაარსის შესახებ არც გლობალურ და არც ადგილობრივ დონეზე. პორნოგრაფიის ცნება განსხვავებულად აღიქმება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში, კულტურასა თუ რეგიონებში. ნაწარმოების პორნოგრაფიულად მიჩნევა დამოკიდებულია მრავალ სხვადასხვა გარემოებაზე – პირის ცნობიერებაზე, მსოფლმხედველობაზე, მორალურ და ზნეობრივ შეხედულებებზე, ისევე, როგორც მის წარმოდგენებზე სექსუალური ეთიკის შესახებ. სწორედ სექსუალური ხასიათის ქმედებებისა და სიშიშვლისადმი საზოგადოებაში არსებული არაერთგვაროვანი დამოკიდებულების გათვალისწინებით, არსებობდა რისკები, რომ სექსუალური ხასიათის ქმედებების საკმაოდ ფართო სპექტრი მოეცვა პორნოგრაფიის შინაარსს, რაც ეწინააღმდეგებოდა პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის ხარისხის კონსტიტუციურ სტანდარტებს.

ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პორნოგრაფიის ცნების შინაარსობრივი ბუნდოვანების გამო, შეუძლებლად მიიჩნია სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება გამოხატვის თავისუფლების უფლებასთან მიმართებით. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა სადავო ნორმის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით №926 კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილებას თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების – გიორგი თევდორაშვილისა და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

დავის საგანი: (ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების: „პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ  გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით; (ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების: „პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.