სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1545 კონსტიტუციური სარჩელი

2024 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1545 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ“).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება და მე-3 პუნქტის პირველი წინადადება (2021 წლის 20 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია). სადავოდ გამხდარი ნორმები განსაზღვრავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ საცნობი ნიშნის მისაღებად წარსადგენ სავალდებულო დოკუმენტთა ნუსხას. კერძოდ, საცნობი ნიშნის მისაღებად პირს მოეთხოვებოდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობის, ან იმ დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც დადგინდებოდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ჰქონდა ქვედა კიდურის ამპუტაცია.

მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმები არსებითად თანასწორ პირებს, კერძოდ, ერთი მხრივ, ზომიერად და მნიშვნელოვნად გამოხატული (გარდა ქვედა კიდურის ამპუტაციის მქონე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთაც აღენიშნებათ გადაადგილების შეზღუდვა, მეორე მხრივ კი, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის და ქვედა კიდურის ამპუტაციის მქონე პირებს აყენებდა დიფერენცირებულ მდგომარეობაში. მოსარჩელის აღნიშვნით, დაწესებულ დიფერენცირებულ მოპყრობას არ ჰქონდა ობიექტური გამართლება და აფერხებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მნიშვნელოვანი კატეგორიისათვის ტრანსპორტით გადაადგილების უფლების რეალიზებას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მოითხოვდა სადავო ნორმების დისკრიმინაციულად მიჩნევას და საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობას.

მოპასუხე მხარის განმარტებით, საცნობი ნიშნის გაცემის მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ პარკირების სპეციალური პირობებით ესარგებლათ იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთა შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხი და სიმძიმე განაპირობებდა ტრანსპორტირებისას დახმარების განსაკუთრებულ აუცილებლობას. ამასთან, მოპასუხის პოზიციით, მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ანატომიური და გონებრივი მდგომარეობის ხარისხობრივი განსხვავებების გამო, არ წარმოადგენდნენ ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ პირებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ შესადარებელი პირები, კერძოდ, ერთი მხრივ, ზომიერად და მნიშვნელოვნად გამოხატული (გარდა ქვედა კიდურის ამპუტაციის მქონე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც აღენიშნებათ გადაადგილების შეზღუდვა, მეორე მხრივ კი, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის და ქვედა კიდურის ამპუტაციის მქონე პირები, სადავო სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით, წარმოადგენდნენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს. კერძოდ, საცნობი ნიშნით და მასთან დაკავშირებული პარკირების სპეციალური პირობებით სარგებლობის ინტერესი გადაადგილების უნარის შეზღუდვის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს თანაბრად გააჩნდათ, მიუხედავად ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ხარისხისა.

ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ განსახილველ შემთხვევაში დაწესებულ დიფერენცირებულ მოპყრობას არ ჰქონდა რაციონალური ახსნა. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ფლობის დადასტურება თავისთავად არ წარმოადგენდა გარემოებას, რომელიც წარმოაჩენდა დამოუკიდებლად გადაადგილების უნარის შეზღუდვას. აღნიშნულის მიუხედავად, სადავო ნორმები საცნობი ნიშნის მიღების შესაძლებლობას ანიჭებდა ყველა მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირს, მათ შორის, მათ, რომლებსაც არ აღენიშნებოდათ გადაადგილების უნარის შეზღუდვა მაშინ, როდესაც სრულად გამოირიცხებოდა გადაადგილების უნარის შეზღუდვის მქონე ზომიერად და მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მქონე პირების მიერ (გარდა ქვედა კიდურის ამპუტაციის მქონე პირებისა) საცნობი ნიშნით და მასთან დაკავშირებული პარკირების სპეციალური პირობებით სარგებლობა.

შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.