სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია გერმანიაში გაემგზავრა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე და თავმჯდომარის მოადგილეები - თეიმურაზ ტუღუში და მერაბ ტურავა სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრნენ. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები გაეცნობიან ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეგულირების გერმანულ მოდელს, კერძოდ კი, ტელესაკომუნიკაციო მიყურადების ღონისძიებების განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებსა და გამოყენებას პრაქტიკაში, ასევე, მათი კონტროლის მექანიზმებს.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში, მონაცემთა დაცვისა და საინფორმაციო უსაფრთხოების ფედერალური რწმუნებულის ბიუროში, ფედერალურ კრიმინალურ სამსახურში, ფედერალური ბუნდესტაგის იურიდიულ კომიტეტსა და G10 კომისიაში, ასევე, ბერლინის საკონსტიტუციო სასამართლოში.

დელეგაციის წევრების შეხვედრები დაეთმობა უსაფრთხოების არქიტექტურის გერმანული მოდელის არსებითი საკითხების განხილვას, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამსახურებრივი და დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელებას, ტელესაკომუნიკაციო მიყურადების სამართლებრივი საფუძვლების გაანალიზებას (კერძოდ, მონაცემთა დაშვება, დადგენილება, მიმდინარეობა, მოცულობა, კონტროლი, სარგებლობა და შენახვა, დაცვა, საინფორმაციო ვალდებულებები და დაინტერესებული პირების დაცვის უფლებები), ასევე, პოლიციის მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის დახასიათებას ტელესაკომუნიკაციო მიყურადების განსახორციელებისას.

საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი 12 აპრილს დასრულდება.

ვიზიტი ,,საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის” (IRZ) მხარდაჭერით ხორციელდება.