სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1380 კონსტიტუციური სარჩელი

2020 წლის 18 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1380 კონსტიტუციური სარჩელი („ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენდა ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე იპოთეკის და გარკვეული კატეგორიის ნივთებთან მიმართებით, გირავნობის გამოყენების აკრძალვას.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა, ერთი მხრივ, გაუმართლებელ დიფერენცირებას ახდენდა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, ხოლო, მეორე მხრივ, ზღუდავდა მესაკუთრის მიერ მის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვის შესაძლებლობას და სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობებისთვის დამახასიათებელ ნების თავისუფლებას. ხსენებულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე აღნიშნავდა, რომ სადავო ნორები ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობისა და საკუთრების უფლებას.

მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ სადავო რეგულირების მიზანი იყო მომხმარებლის უფლებების დაცვა და ჭარბვალიანობის რისკების შემცირება, რაც უშუალოდ უკავშირდებოდა ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას. ამასთან, მოპასუხის მითითებით, შეზღუდვა განპირობებული იყო კრედიტორის მხრიდან მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისგან სესხის მიმღები პირების სამართლებრივი დაცვის აუცილებლობით. მოპასუხის მტკიცებით, სესხის გამცემი ფიზიკური პირების საქმიანობა დასახელებულ რისკებს ზრდიდა, ვინაიდან კონტროლს არ ექვემდებარებოდა ფიზიკური პირების მიერ გაცემული სესხის ოდენობა, საპროცენტო განაკვეთი და არ ხდებოდა სესხის მიმღები ფიზიკური პირის გადახდისუნარიანობის სათანადო ანალიზი. ამავდროულად, მოპასუხე გამართლებულად მიიჩნევდა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის დიფერენცირებულ მოპყრობას, ვინაიდან, იურიდიული პირი, როგორც წესი, იქმნება არაერთჯერადი ეკონომიკური მოგების მიზნით და, საკრედიტო სფეროში, გაცილებით მეტი გამოცდილებისა და მაღალი ცნობიერების მქონეა ვიდრე ფიზიკური პირი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საზოგადოებაში ჭარბვალიანობის თავიდან აცილება, ეკონომიკის სიჯანსაღე, საზოგადოების მსყიდველუნარიანობის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესები, ხოლო ფიზიკური პირების სასესხო ვალდებულებების მასობრივ აკუმულირებას შეუძლია ნეგატიური ზეგავლენის მოხდენა დასახელებულ ინტერესებზე. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ბაზარზე არსებული კრედიტორები, უმეტეს შემთხვევაში, სარგებლობენ მათი მდგომარეობისთვის დამახასიათებელი ასიმეტრიული ძალთა ბალანსით, რაც განპირობებულია არა მხოლოდ მათი შესაბამისი გამოცდილებით, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან მაღალი სარგებლის მიღების მომეტებული ინტერესითაც. შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ აუცილებელია ისეთი მექანიზმების არსებობა, რომელიც დააბალანსებს ასეთი კრედიტორებისგან მომდინარე საფრთხეს.

საკონსტიტუციო სასამართლომ, მათი სპეციფიკურობის და არსებული რისკების გათვალისწინებით, ერთმანეთისგან გამიჯნა უძრავ ნივთზე იპოთეკის და გარკვეული კატეგორიის მოძრავ ნივთებთან მიმართებით, გირავნობის გამოყენების შემთხვევები. სასამართლომ აღნიშნა, რომ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი, როგორც წესი, დამახასიათებელია ისეთი საკრედიტო ურთიერთობებისთვის, რომლებიც უკავშირდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით საკრედიტო ვალდებულების მიღებას. შესაბამისად, ამგვარი სესხის კრედიტორისთვის დაბრუნება ისეთ მაღალ ტვირთს შეიძლება აკისრებდეს პირს, რომ მნიშვნელოვნად ამცირებდეს მის მსყიდველუნარიანობას და საგრძნობლად აუარესებდეს მის ხელთ არსებული რესურსებით სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ზემოხსენებული ნეგატიური შედეგების დიდი სიხშირის გამო, მხედველობაშია მისაღები ნორმის არა მხოლოდ ინდვიდუალური, არამედ საზოგადოებრივი ეფექტი, ვინაიდან რიგ საჯარო ინტერესებს ექმნება საფრთხე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმით სამართლიანად არის დადგენილი ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის გამცემ პირთა წრის შეზღუდვა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გარანტირებულ საკუთრების უფლებას.

თუმცა, გარკვეული კატეგორიის მოძრავი ნივთების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების გირავნობით უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ სხვაგვარად გადაწყვიტა. კერძოდ, სასამართლომ აღნიშნა, რომ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხოლოდ ის საფრთხეები, რომლებიც კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობას ახლავს თან. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე მხარემ ვერ დაასაბუთა, რომ დასახელებული ნივთების კრედიტორის ხელში გადასვლა მსესხლებლის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დაზიანებას გამოიწვევდა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, სადავო ნორმით განსაზღვრული მოძრავი ნივთებით უზრუნველყოფილი საკრედიტო ვალდებულებების მასობრივად შეუსრულებლობის შემთხვევაში, ზიანი ვერ იქნებოდა იმ ხარისხის, რომ ფინანსური სტაბილურობის ინტერესი სერიოზული საფრთხის ქვეშ აღმოჩენილიყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გარანტირებულ საკუთრების უფლებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის დიფერენცირებული მოპყრობა, გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის მიღებასთან დაკავშირებით, იყო გამართლებული და არ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იურიდიული პირები, მათი სტატუსიდან გამომდინარე, სარგებლობენ გარკვეული უპირატესობით, კერძოდ, მათ მეტი მატერიალური და არამატერიალური რესურსები გააჩნიათ იმისთვის, რომ უკეთესად განსაზღვრონ სამართლებრივი ურთიერთობიდან მომდინარე საფრთხეები, მოახდინონ საკუთარი რესურსების დეტალური ანალიზი და სათანადოდ შეისწავლონ კრედიტორის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შესაძლებელია, იურიდიულმა პირმა ვერ შეძლოს საკრედიტო ვალდებულების შესრულება, თუმცა, სადავო ნორმები მიზნად ისახავს არა ერთეული შემთხვევების გამორიცხვას, არამედ ისეთი რეალობის თავიდან აცილებას, როდესაც მესაკუთრეები მასობრივად კარგავენ თავიანთ ქონებას და მათი მსყიდველუნარიანობის შემცირების მასშტაბები არის განსაკუთრებულად დიდი. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი რისკები იურიდიული პირების შემთხვევაში არის ძალიან მცირე და ამდენად, გამართლებულია სახელმწიფოს მიერ განსხვავებული რეგულირების დადგენა იმ პირთა მიმართ, რომელთა საქმიანობაც განსაკუთრებული რისკების მატარებელია.

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.