სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1526 კონსტიტუციური სარჩელი

2020 წლის 25 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1526 კონსტიტუციური სარჩელი („ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანისაქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა საარჩევნო სუბიექტებს უდგენდა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე გასამართ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიული სიის იმგვარად დარეგისტრირების ვალდებულებას, რომ სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც ყოფილიყო განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდებოდა.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე პოლიტიკურმა გაერთიანებამ შეიმუშავა სისტემა, რომლის საფუძველზეც არჩევნებში მონაწილეობისათვის პარტიული სიის ფორმირება სრულად დამოკიდებულია პარტიის პარტნიორთა მიერ გამოხატულ ნებაზე. სადავო ნორმა მოსარჩელე მხარეს ავალდებულებდა, სქესთა შორის ბალანსის დაცვის მოტივით, განეხორციელებინა ცვლილებები პარტიის პარტნიორთა მიერ განსაზღვრულ პარტიულ სიაში. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მსგავსი ვალდებულების დაკისრება გაუმართლებლად ზღუდავდა მათ საარჩევნო უფლებას. ამასთან, პოლიტიკური პარტია იძულებული ხდებოდა, უგულებელეყო საკუთარი პარტნიორების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც უარყოფითად აისახებოდა პარტნიორთა მხრიდან პარტიის დაფინანსების საკითხზე და, შესაბამისად, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა პოლიტიკური გაერთიანების სრულფასოვან ფუნქციონირებას.

მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ საარჩევნო უფლების შეზღუდვას განაპირობებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ძირითადი უფლება, რომლის საფუძველზეც სახელმწიფოს დაეკისრა პოზიტიური ვალდებულება, მიიღოს განსაკუთრებული ზომები ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად. განსახილველ შემთხვევაში კი სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სქესთა შორის არსებული ბალანსის გაუმჯობესებაა.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიული სიის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობაში სავალდებულო რეგულაციების დაწესება იწვევს მოსარჩელეთა საარჩევნო უფლების შეზღუდვას. აღნიშნულის შემდგომ სასამართლომ შეაფასა სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვის თავსებადობა დემოკრატიული მმართველობის პრინციპთან და განმარტა, რომ სქესის ნიშნით კვოტირება არ უკავშირდება რაიმე ტიპის კონკრეტული იდეის ან/და პოლიტიკის ხელშეწყობას. ამასთან, კვოტირება ხორციელდება საარჩევნო უფლების მქონე იმ პირებს შორის, რომლებიც მეტნაკლებად თანაბრად არიან წარმოდგენილი და იგი არ იწვევს საქართველოს პარლამენტში საზოგადოების რომელიმე ჯგუფის წარმომადგენლობის არაპროპორციულად ზრდას. ამდენად, სადავო ნორმის მოქმედების შედეგად მოქალაქეთა არჩევანზე სახელმწიფოს გავლენა არის მინიმალური, შესაბამისად, იგი ვერ იქნება მიჩნეული დემოკრატიის პრინციპთან თავისთავად შეუთავსებელ შეზღუდვად.

აღნიშნულის შემდეგ სასამართლომ შეაფასა სადავო ნორმის შესაბამისობა უშუალოდ თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი სახელმწიფოსაგან მოითხოვს სპეციალური ღონისძიებების გატარებას სქესის გამო წარმატების ხელისშემშლელი ხელოვნური საზოგადოებირივი ბარიერების დამაბალანსებელი მექანიზმების შექმნით. აღნიშნულიდან გამოდინარე, პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა მიჩნეულ იქნა ლეგიტიმურ მიზნად, რომლის მისაღწევადაც შესაძლოა სარჩევნო უფლება შეიზღუდოს.

შეზღუდვის გამოსადეგობის ეტაპზე მსჯელობისას სასამართლომ ცალკე იმსჯელა პარტიული სიის ყოველ ოთხეულში მინიმუმ ერთი მამაკაცი კანდიდატის გათვალისწინების ვალდებულებაზე და აღნიშნა, რომ ლოგიკურ ახსნას არის მოკლებული, თუ რატომ იზღუდება სრულად, ან უმეტესად ქალებით დაკომპლექტებული საარჩევნო სიის ფორმირება. ამგვარი რეგულაცია არათუ ვერ აღწევს საქართველოს პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზანს, არამედ, ხელსაც კი უშლის მას. ამდენად, სადავო ნორმით დადგენილი მოთხოვნა, რომლის თანახმადაც საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში უნდა იყოს მინიმუმ ერთი მამაკაცი, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.

სადავო ნორმის ის შინაარსი, რომელიც საარჩევნო სუბიექტებს ავალდებულებს, პარტიული სიის ყოველ ოთხეულში წარმოდგენილი ჰყავდეთ მინიმუმ ერთი ქალი კანდიდატი, მიჩნეულ იქნა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ, ამავე დროს, ყველაზე ნაკლებად მზღუდველ საშუალებად. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ღონისძიება დროის მოკლე მონაკვეთში შედეგის მიღწევის ერთ-ერთ ყველაზე ქმედით მექანიზმს წარმოადგენს, რადგან იგი ახდენს პარლამენტში, როგორც მინიმუმ, გარკვეული პროცენტული ოდენობით, ქალთა წარმომადგენლობის გარანტირებას.

ვიწრო პროპორციულობის საკითხზე მსჯელობისას სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს პარლამენტის დაკომპლექტება ხდება სრულად ხალხის, როგორც სუვერენის ნების საფუძველზე და არა რომელიმე კონკრეტულ სფეროში კანდიდატთა პროფესიული კვალიფიკაციის შეფასების შედეგად. ამდენად, სადავო რეგულირებით დადგენილი სავალდებულო კვოტირება, პროფესიული საქმიანობის სფეროებისგან განსხვავებით, ხელს ვერ შეუშლის პარლამენტის საქმიანობის წარმატებით განხორციელებას. გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ საარჩევნო სუბიექტთა თავისუფლება მინიმალური დონით იზღუდება არა მხოლოდ განსხვავებული სქესის წარმომადგენელთა ნაკლები რაოდენობრივი მოთხოვნის დაწესებით, არამედ თავად რეგულირების ნეიტრალური ბუნებიდან გამომდინარე. საბოლოოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმით სამართლიანად არის დადგენილი ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის და საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში მინიმუმ ერთი ქალის გათვალისწინების ვალდებულება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებას.

გადაწყვეტილებას კანონის დადგენილ ვადაში დაერთვება მოსამართლეების ირინე იმერლიშვილის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტთან მიმართებით და მოსამართლე ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი.

დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი, მე-3 და მე-4 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.