სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1478 კონსტიტუციური წარდგინება

2021 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს №1478 კონსტიტუციური წარდგინება.

საქმეზე სადავოდ იყო გამხდარი ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული საკითხი. რიგი სადავო ნორმები ადგენდა ბრალდებულის ვალდებულებას, ილაპარაკოს მხოლოდ სიმართლე იმ შემთხვევაში თუ სასამართლოში ჩვენების მიცემას გადაწყვეტს. საქმეზე ასევე სადავო იყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმა, რომელიც გამორიცხავდა სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ, მხარეების შეთანხმების გარეშე, კითხვის დასმის შესაძლებლობას.

კონსტიტუციური წარდგინების ავტორის პოზიციით, ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების რისკი ბრალდებულს აიძულებს, არჩევანი გააკეთოს დუმილის უფლებით სარგებლობასა და საკუთარი დაცვის სასარგებლოდ ჩვენების მიცემის შემთხვევაში სიმართლის თქმას შორის, მაშინაც კი, თუ სიმართლის თქმა დანაშაულის აღიარებას გულისხმობს. ამავე დროს, სისხლის სამართლის საქმის მოსამართლისათვის კითხვების დასმის შესაძლებლობის შეზღუდვა აფერხებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებასა და მართლმსაჯულების აღსრულებას, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, განმარტა, რომ თვითინკრიმინაციისაგან დაცვის პრივილეგია მიზნად ისახავს ბრალდებულის არასათანადო იძულებისაგან დაცვას, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებისა და აღსრულების ხელშეწყობას, შეცდომების დაშვებისა და უდანაშაულო პირის მსჯავრდების პრევენციას. ამდენად, აღნიშნული კონსტიტუციური უფლებების დანიშნულება არაა, დამნაშავეს შეუქმნას ხელოვნური ბერკეტები პასუხისმგებლობისაგან თავიდან დასაღწევად.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ ბრალდებულს ბუნებრივად შეიძლება ჰქონდეს სასამარლოსათვის ფაქტების არასწორად მიწოდების ინტერესი. შესაბამისად, ცრუ ჩვენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება ბრალდებულის ჩვენების სანდოობის უზრუნველყოფის უმთავრესი მექანიზმია. პასუხიმგებლობის საფრთხის გარეშე ჩვენების მიცემის შესაძლებლობა შეამცირებს მის სანდოობას, რაც არც მართლმსაჯულების განხორციელებას დაეხმარება და, ამავე დროს, მნიშვნელოვნად დააზარალებს უდანაშაულო ბრალდებულის მიერ თავის დაცვის შესაძლებლობას. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ცრუ ჩვენებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება არ ეწინააღმდეგება თვითინკრიმინაციისაგან დაცვის კონსტიტუციურ პრივილეგიას.

ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან შეუთავსებლად მიიჩნია მოსამართლისათვის კითხვის დასმის შეზღუდვა.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სახელმწიფოს აკისრებს სამართალწარმოების სისტემის იმგვარად ფორმირების ვალდებულებას, რომელშიც მოსამართლე აღჭურვილი იქნება საქმეზე ობიექტური, სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისათვის სათანადო პროცედურული მექანიზმებით. საჭიროა, მოსამართლეს გააჩნდეს შესაძლებლობა, სხდომაზე ყოველმხრივ და სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, რომელიც აუცილებელია შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებისა და საქმეზე ჯეროვანი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის. ამისათვის კი მას უნდა ჰქონდეს კითხვების შესაძლებლობა, როდესაც ბუნდოვანია დანაშაულად მიჩნეული ქმედების შემადგენლობა, მოწმის, ექსპერტის ან სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილის მიერ მიცემული ჩვენება გაურკვეველი, დამაბნეველი ან/და ურთიერთსაპირისპიროა ან როდესაც შეკითხვის დასმის საჭიროება მოსამართლის მიერ შესაძლებელია მოვლენათა თანმიმდევრობის დადგენისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების იდენტიფიცირების აუცილებლობით არის განპირობებული და სხვა.

ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსამართლემ არ უნდა ხელყოს შეჯიბრებითი და მხარეთა თანასწორობის პრინციპებს დაფუძნებული, მიუკერძოებელი პროცესი და არ უნდა შეითავსოს მხარის ფუნქცია. შეკითხვის დასმა არ უნდა განხორციელდეს იმგვარი ენითა და ტერმინოლოგიით, ტონით, ჟესტიკულაციით, ქცევით ან ფორმითა და ინტენსივობით, რომ წარმოშვას მოსამართლის მიკერძოებულობის გონივრული ეჭვი. მოსამართლემ ხელი არ უნდა შეუშალოს მხარეების მიერ მტკიცებულების სათანადოდ გამოკვლევასა და მეორე მხარის მტკიცებულებათა გაბათილებას. ამ პირობების დაცვით მოსამართლის მიერ კითხვის დასმა სამართლიანი განხილვის კონსტიტუციური მოთხოვნის განუყოფელი ნაწილია და საქმის სრულყოფილი გამოკვლევის, ჭეშმარიტების დადგენისკენ მიმართულ ისეთ ქმედებას წარმოადგენს, რომელიც არ ხელყოფს მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრობითობის ან/და სასამართლოს მიუკერძოებლობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, სადავო ნორმის საფუძველზე, მოსამართლეს ეზღუდებოდა, კითხვის, მათ შორის, იმ ფორმით დასმის შესაძლებლობა, რომელიც არ ზღუდავდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს და მოსამართლის მიუკერძოებლობას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა თვითმიზნურად და მართლმსაჯულების ინტერესებთან შეუთავსებლად მიიჩნია.

დავის საგანი: (ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის მე-2 წინადადების, 48-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, მე-5 ნაწილის პირველი წინადადებისა და მე-7 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 და მე-11 პუნქტებთან მიმართებით; (ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.