სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება №1387 კონსტიტუციურ წარდგინებაზე

2022 წლის 21 აპრილს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს №1387 კონსტიტუციურ წარდგინებაზე.

საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა ნარკოტიკული საშუალება – კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, არაერთგზის შეძენა-შენახვისთვის სასჯელის სახედ ადგენდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

კონსტიტუციური წარდგინების ავტორი აპელირებდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაზე, რომლის შედეგადაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის, პირადი მოხმარების მიზნით, შეძენისა და შენახვის გამო. იგი მიუთითებდა, რომ კანაფის ფისი, არსებითად, მარიხუანის იდენტურ ნარკოტიკულ საშუალებას წარმოადგენდა და მათგან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი ერთმანეთის იდენტური იყო. ამასთან, 0,1315 გრამი კანაფის ფისი განკუთვნილი იყო საშუალოდ ერთჯერადი მოხმარებისთვის, მაშინ როდესაც 70 გრამი გამომშრალი მარიხუანა წარმოადგენდა დაახლოებით 230 მოხმარების დოზას. აღნიშნული არგუმენტაციიდან გამომდინარე, კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიიჩნევდა, რომ გასაჩივრებული რეგულაციით დადგენილი სანქცია – თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენდა აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნებს წარმოადგენდა ჯანმრთელობის დაცვა (როგორც უშუალოდ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის, ასევე მთლიანად საზოგადოების) და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული რეგულაციით აკრძალული ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს თავისთავად ვერ შეცვლიდა/გაზრდიდა ამ ქმედებამდე ჩადენილი დანაშაულის ბუნება.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კანაფის ფისის მოხმარება, პოტენციურად, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა, თუმცა, გაუმართლებელია პირის დასჯა თავისუფლების აღკვეთით მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გამო. ამასთან, სპეციალისტთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სასამართლომ დაასკვნა, რომ 0,1315 გრამი კანაფის ფისი წარმოადგენდა საშუალოდ ერთი მოხმარების, ხოლო მაქსიმუმ 4 მოხმარების დოზას. შედეგად, კანაფის ფისის სადავოდ გამხდარი ოდენობა აპრიორი ვერ ჩაითვლებოდა იმ ოდენობად, რომელიც ავტომატურად ქმნიდა მისი გავრცელების და ამ გზით სხვა პირთა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის რისკებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ, საკუთარ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, დადგენილად მიიჩნია, რომ კანაფის ფისის მოხმარება, როგორც წესი, არ იწვევდა მასზე დამოკიდებულების სწრაფად ჩამოყალიბებასა და აგრესიული, ანტისაზოგადოებრივი ქმედებების განხორციელებას. შესაბამისად, გასაჩივრებული რეგულაციით დადგენილი სანქციის სახე – თავისუფლების აღკვეთა ვერ იქნებოდა გამართლებული ვერც საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური მიზნით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული სანქცია – თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენდა აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და არღვევდა არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის გამოყენების აკრძალვის კონსტიტუციურ დანაწესს.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (0,1315 გრამამდე ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, არაერთგზის, შეძენისა და შენახვის გამო, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.