სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება №1648 კონსტიტუციურ წარდგინებაზე

2022 წლის 21 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება №1648 კონსტიტუციურ წარდგინებაზე („თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე“).

სადავოდ გამხდარი ნორმების თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის საერთო სასამართლოს წარდგინებით მიმართვის შედეგად შეჩერებული საქმის განხილვა განახლდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.

კონსტიტუციური წარდგინების ავტორის განმარტებით, სადავო ნორმები მოქმედებდა იმ შემთხვევებშიც, როდესაც საქმის გარემოებები იცვლებოდა იმგვარად, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმის კონსტიტუციურობის გადაწყვეტა კარგავდა აქტუალურობას შეჩერებულ საქმესთან მიმართებით, ვინაიდან აღარ არსებობდა მისი გამოყენების საჭიროება ამ საქმის გადასაწყვეტად. მსგავს შემთხვევებში, იმისთვის, რათა არ დარღვეულიყო საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება საერთო სასამართლოს უნდა შესძლებოდა შეჩერებული საქმის განახლება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვა თავისთავად მოიაზრებს საერთო სასამართლოში საქმის განხილვის შეჩერებას, რითაც მოქმედი კონსტიტუციური სისტემა ადამიანის უფლებათა კონსტიტუციურ სტანდარტებთან სავარაუდოდ შეუთავსებელი კანონის გამოყენების პრევენციას უპირატესობას ანიჭებს საქმის სწრაფად გადაწყვეტის ინტერესებთან შედარებით, ვინაიდან საქმის გადაწყვეტის სისწრაფე აზრს კარგავს, თუკი ის არაკონსტიტუციური კანონის საფუძველზე ხორციელდება.

საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორის პოზიცია და დაადგინა, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე კონსტიტუციურ კონტროლს დაქვემდებარებული ნორმა, ვითარებისა და გარემოებების შეცვლის გამო, აღარ წარმოადგენს კონკრეტულ საქმეზე გამოსაყენებელ კანონს, ამ საქმეზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადით საერთო სასამართლოში სამართალწარმოების შეჩერების ინტერესი აღარ არსებობს, რის გამოც, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა - საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე საერთო სასამართლოში შეჩერებული საქმის წარმოების განახლების შეუძლებლობა - თვითმიზნურ ხასიათს იღებს, აღარ ემსახურება ლეგიტიმური მიზნების მიღწევას და გაუმართლებლად არღვევს საქმის დროული განხილვისა და გადაწყვეტის უფლებას. შესაბამისად, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავდა საერთო სასამართლოს მიერ შეჩერებული საქმის წარმოების განახლებას იმ შემთხვევაში, როდესაც კონსტიტუციური წარდგინებით არაკონსტიტუციურად მიჩნეული ნორმა აღარ წარმოადგენს შეჩერებულ საქმეზე გამოსაყენებელ კანონს.

იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საერთო სასამართლოებში წარმოების განახლების პირობებშიც არ არსებობს პროცესუალური დაბრკოლება საკონსტიტუციო სასამართლოსათვის, გააგრძელოს კონსტიტუციური სამართალწარმოება წარდგინებით სადავოდ გამხდარ ნორმასთან დაკავშირებით და შეაფასოს მისი კონსტიტუციურობა.

დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.