სიახლეები

საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 11 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს მოქალაქის გივი შანიძის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N732) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მოსარჩელე საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ პიროვნული თავისუფლების განვითარების უფლებასთან (საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი) მიმართებით სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმას, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისთვის. მოსარჩელის განმარტებით, ადამიანს აქვს უნარი, თავად განსაზღვროს ის საქმიანობა ან მოქმედება, რომელიც მისთვის სიკეთის მომტანია და ამ პროცესში სახელმწიფო მოკლებულია შესაძლებლობას, ქმედებებს მათი შედეგებისგან განცალკევებით მორალური შეფასებები მისცეს. ისეთი ქმედების დასჯას, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავისკენ არის მიმართული და არ იწვევს საზოგადოებრივ შედეგებს, შეუძლებელია, გააჩნდეს ლეგიტიმური მიზანი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის პასუხისმგებლობა  უნდა გაუქმდეს, ვინაიდან აღნიშნული ქმედების კრიმინალიზაცია მის მომხმარებელს სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის ინსტრუმენტად აქცევს.    

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.