სიახლეები

საქართველოს მოქალაქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 25 ნოემბერს არსებითად განსახილველად არ მიიღო საქართველოს მოქალაქე გიორგი ლოგუას კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №711).

მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტთან და  მე-40 მუხლის მე-2 პუნქტთან  მიმართებით.

მოსარჩელე  ბრალდებულია სადავო ნორმით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ, პორნოგრაფიული ნაწარმოების ან გამოსახულების უკანონოდ გავრცელებისთვის.  მას მიაჩნია, რომ სადავო ნორმა იძლევა იმგვარი წაკითხვის შესაძლებლობას, რომლის მიხედვითაც, პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელება აპრიორი უკანონო ქმედებას წარმოადგენს და აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დაწესებულ სტანდარტს, რომლის მიხედვითაც, შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვის გასამართლებლად აუცილებელია, რომ მისი გავრცელება ლახავდეს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს. მოსარჩელე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ  პორნოგრაფიული მასალის  გავრცელება შესაძლებელია იმგვარად, რომ ამით სხვა პირებს არ მიადგეთ ზიანი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სხვა პირის მიერ შექმნილი შემოქმედებითი ნაწარმოების, ისევე როგროც სხვა ინფორმაციის გავრცელება, თავისი არსით, წარმოადგენს არა შემოქმედებითი საქმიანობის თავისუფლებას, არამედ ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების უფლების რეალიზებას, რაც რეგლამენტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და არა  23-ე მუხლით. მოსარჩელეს კი არ დაუსაბუთებია, რომ აღნიშნული პორნოგრაფიული მასალის ავტორი არის თავად მოსარჩელე.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესი ადგენს საპროცესო გარანტიას, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართალწარმოებისას მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ხოლო სადავო რეგულაცია, თავისი შინაარსით, წარმოადგენს მატერიალური სისხლის სამართლის ნორმას. იგი ადგენს დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობას და განსაზღვრავს შესაბამის სასჯელს. სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრებულ რეგულაციას საერთოდ არ აქვს შემხებლობა სისხლის სამართალწარმოებისას მტკიცების ტვირთვის განაწილების საკითხთან და  მტკიცების ტვირთთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საპროცესო კანონმდებლობით.