სიახლეები

საქართველოს მოქალაქე ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 8 სექტემბერს გაიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა (ზეპირი მოსმენის გარეშე) №879 კონსტიტუციურ სარჩელზე. სარჩელზე სადავოდ იყო გამხდარი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-8 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (საკუთრების უფლება) და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (სამართლიანი სასამართლოს უფლება) მიმართებით.

სადავო ნორმის თანახმად, პირველი აუქციონისა და ორი განმეორებითი აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემდეგ, აღსასრულებლად მიქცეულ მოვალის ქონებას ეხსნება ყადაღა და უბრუნდება მოვალეს. ამასთან, იმავე საგანზე, იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად,  საკუთრების უფლება იცავს უფლებას, მათ შორის, მიუღებელ შემოსავალზე. კრედიტორს საერთო სასამართლოს აქტებით აღიარებული ქონებრივი მოთხოვნები უქმნის კანონიერ მოლოდინს, რომ მოვალე შეასრულებს ვალდებულებას. თუმცა გასაჩივრებული ნორმები უშვებს შესაძლებლობას, რომ მოვალის ქონება ყადაღისგან გათავისუფლდეს და კრედიტორის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს. ამასთან, მოსარჩელის არგუმენტაციით, სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტური აღსრულება. ხოლო სადავო ნორმები გამორიცხავს აღსრულების განხორციელებას მოვალის ქონების მიმართ. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელის ავტორის შეფასებით, სადავო დებულებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა არეგულირებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესუალურ ასპექტს და შემხებლობა არ აქვს მოსარჩელის ქონებრივი მოთხოვნის (საკუთრების უფლების დაცვის ობიექტის) შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრასთან. შესაბამისად, სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო ნორმის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (სამართლიანი სასამარლოს უფლება) მიმართებით.