სიახლეები
საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
2017 წლის 11 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქის იმედა ხახუტაიშვილის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N851) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
მოსარჩელე საქართველოს კონსტიტუციით დაცულ შრომის თავისუფლებასთან მიმართებით სადავოდ ხდიდა საქმიანობის უფლების ჩამორთმევის დამატებით სასჯელად დანიშვნის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი სასჯელი გათვალისწინებული არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი არ არის აბსოლუტური ხასიათის და მასში ჩარევა შესაძლებელია გამართლებული იყოს ლეგიტიმური საჯარო მიზნიდან გამომდინარე, თანაზომიერების პრინციპის დაცვით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სასჯელს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ე.წ. სპეციალური სუბიექტების მიერ ან სპეციალური საშუალებების გამოყენებით ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით, როდესაც საქმიანობის უფლების გარკვეული ვადით შეზღუდვა ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს პრევენციულ მიზნებს. ასევე, როდესაც ბრალდებულის პიროვნების და ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის მიერ საქმიანობის გაგრძელება საფრთხეს უქმნის მესამე პირთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმა საკმარისად მოქნილია იმისთვის, რომ მოსამართლემ გაითვალისწინოს საქმეზე არსებული ყველა ინდივიდუალური გარემოება და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თავად გადაწყვიტოს ობიექტურად აუცილებელი და გარდაუვალია თუ არა მსჯავრდებულისთვის კონკრეტული სახის საქმიანობის უფლების ჩამორთმევა. გასაჩივრებული რეგულაცია ემსახურება სასჯელის ინდივიდუალიზაციას და წარმოადგენს მისი მიღწევის ეფექტურ საშუალებას.
გასაჩივრებული რეგულაციის სისხლის სამართლის კოდექსის ზოგად ნაწილში მოქცევა მიუთითებს კანონმდებლის ნებაზე, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, სასამართლოს ჰქონდეს სისხლის სამართლის კოდექსის ნებისმიერი დანაშაულის ამსრულებლის მიმართ საჭიროების შემთხვევაში გარკვეული სახის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც ხსენებული სასჯელი არ არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის ნორმით, წარმოადგენს მართლმსაჯულების და არა საკანონმდებლო ხელისუფლების განხორციელებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასებისას, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს, რომ სასჯელის კონკრეტული სახე და ზომა არის იმდენად მკაცრი, რომ იგი კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევისა და კონსტიტუციური უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის აშკარად არაგონივრულ და არაპროპორციულ ზომას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი რეგულაცია არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს აშკარად არაგონივრულ და არაპროპორციულ სასჯელის ზომად.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს №851 კონსტიტუციური სარჩელი.
გადაწყვეტილება კონსტიტუციურ სარჩელზე (რეგისტრაციის N851) „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მიღებულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მიერ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც ითვალისწინებს საქმიანობის უფლების ჩამორთმევის დამატებით სასჯელად დანიშვნის შესაძლებლობას, როდესაც იგი ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელად არ არის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.