სიახლეები

საქართველოს მოქალაქე შოთა ჯიბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 11 ნოემბერს არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს მოქალაქე შოთა ჯიბლაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №666). მოსარჩელე ითხოვს  „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

მოსარჩელისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ სადავო ნორმა იმ პირებს, რომლებიც თავის საკუთრებაში ინვესტიციის ჩადებას აპირებენ, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც ინვესტიციას სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად შეძენილ მიწის ნაკვეთში დებენ, რადგან  მათ  სადავო ნორმით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხის გადახდა არ უწევთ, შესაბამისად, ისინი განსაკუთრებული პრივილეგიით სარგებლობენ.

საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო იმ ნაწილში, რომელიც  შეეხება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.