სიახლეები

საქართველოს მოქალაქეები ირაკლი ღვამბერია და ზურაბ ჩიტაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 8 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს მოქალაქეების ირაკლი ღვამბერიას და ზურაბ ჩიტაურის კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №1244 და№1245).

სადავო ნორმების თანახმად, მესაკუთრის კუთვნილი ფართიდან დევნილების/დევნილთა ოჯახის გამოსახლება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრემ სამინისტროს მიმართა განცხადებით მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართობზე რეგისტრირებული დევნილის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ დევნილის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე არ ხდება მის საკუთრებაში მცხოვრები დევნილის/დევნილთა ოჯახის გასახლება. აღნიშნული იწვევს მესაკუთრის საცხოვრებლის განუსაზღვრელი ვადით დაკავებას მისი თანხმობის გარეშე, იმ პირთა მიერ, რომელთანაც მესაკუთრეს არ გააჩნია სამართლებრივი ვალდებულებები.

მოსარჩელეთა მტკიცებით, კანონი არ შეიცავს მესაკუთრის უფლების დაცვის მექანიზმებს და ვერ უზრუნველყოფს საკუთრების უფლებით ჯეროვან სარგებლობას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია და არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ საკუთრების უფლების დაცვის გარანტიებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 8 სექტემბრის №1/16/1245 საოქმო ჩანაწერის საფუძველზე №742, №1244 და №1245 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდა ერთ საქმედ და არსებითად განიხილება ერთობლივად.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3, მე-5 და მე-8 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან მიმართებით.