სიახლეები

საქართველოს მოქალაქეები - როინ მიქელაძე და გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 28 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს მოქალაქეების - როინ მიქელაძისა და გიორგი ბურჯანაძის კონსტიტუციური სარჩელები (რეგისტრაციის №1234, №1235).

№1234, №1235 კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ გამხდარი ნორმების თანახმად, ზოგიერთი სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიების ფარგლებში მოწმის დაკითხვა წარმოებს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

კონსტიტუციურ სარჩელში ჩამოყალიბებული არგუმენტაციით, 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული მოწმის დაკითხვის წესი მნიშვნელოვნად განსხვავდება მოქმედი, 2009 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესისაგან. მაგალითად, 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მოწმის ვალდებულებას, გამომძიებლისა და პროკურორის გამოძახებით გამოცხადდეს საგამოძიებო უწყებაში და მისცეს ჩვენება, უარის შემთხვევაში კი განსაზღვრულია მოწმის იძულებით მოყვანის ღონისძიებები. ამის საპირისპიროდ, 2009 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მოწმის საგამოძიებო სტადიაზე გამოცხადების ვალდებულებას ითვალისწინებს მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოძახების შემთხვევაში.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ყველა ბრალდებულსა და მოწმეს უნდა გააჩნდეს თანაბარი საპროცესო უფლებები, სადავო ნორმები კი  მათ მიმართ ადგენს დიფერენცირებულ მოპყრობას, იმის მიხედვით, თუ რა სახის დანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები თვლიან, რომ ირღვევა კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება.

მოსარჩელეთა პოზიციით, სადავო ნორმების საფუძველზე ასევე ირღვევა სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას განაპირობებს.

სასამართლომ მოსარჩლის მოთხოვნა დასაბუთებულად მიიჩნია და სარჩელები მიიღო არსებითად განსახილველად.

№1234, №1235 კონსტიტუციურ სარჩელებს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.