სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №1499 კონსტიტუციური სარჩელი
2021 წლის 16 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1499 კონსტიტუციური სარჩელი („მიხეილ სამნიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
მოსარჩელე სადავოდ ხდიდა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პირთა გადაადგილების აკრძალვას როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმა ზღუდავდა პირთა თავისუფალი გადაადგილების უფლებას ისე, რომ დაცული არ იყო ამ უფლებაში ჩარევის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ფორმალური და მატერიალური მოთხოვნები.
კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანება და დეკრეტი არ განსაზღვრავდა კონკრეტულ რეგულაციებს და კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის სრულ უფლებამოსილებას გადასცემდა საქართველოს მთავრობას. მოსარჩელე ასევე განმარტავდა, რომ სადავო ნორმა არც მატერიალური თვალსაზრისით შეესაბამებოდა საქართველოს კონსტიტუციას, რადგან იგი ვერ აკმაყოფილებდა თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს.
მოპასუხე მხარის პოზიციით, საგანგებო მდგომარეობის დროს დასაშვებია კონსტიტუციური უფლებების იმაზე მეტი ინტენსივობით შეზღუდვა, ვიდრე ეს ორდინარულ ვითარებაში არის ნებადართული. ამასთან, პრეზიდენტის დეკრეტი და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი ერთობლივად ქმნიდა სადავო საკითხის საქართველოს მთავრობაზე დელეგირების საფუძველს. მატერიალური თვალსაზრისით სადავო ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, მოპასუხემ მიუთითა, რომ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის საფუძველზე მიღწეულ იქნა სოციალური დისტანცია ისეთ შემთხვევებში, როდესაც საზოგადოების წევრთა გადაადგილება არ იყო გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობით, რამაც ცალსახად დადებითად იმოქმედა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კომენდანტის საათის გამოცხადების უფლებამოსილება იყო დროებითი ღონისძიება და იგი, თავისი არსისა და დროებითი ხასიათის გათვალისწინებით, გავლენას ვერ მოახდენდა ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, სამართლებრივი თუ პოლიტიკური განვითარების გრძელვადიან პერსპექტივებზე. ამასთან, კომენდანტის საათის შემოღება, განპირობებული იყო მუდმივად ცვლად გარემოებებთან და გართულებულ ეპიდემიურ ვითარებასთან ადაპტირებული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობით. შესაბამისად, კომენდანტის საათის ქმედითობისთვის, ნაცვლად ორდინარული საპარლამენტო პროცედურებისა, აუცილებელი იყო გადაწყვეტილებათა სწრაფად და გადაუდებლად მიღება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. ამავე დროს, კომენდანტის საათის დაწესება, ხარისხობრივი თვალსაზრისით, არ წარმოადგენდა უფლებაში იმგვარ ინტენსიურ ჩარევას, რომელიც აუცილებლად მოითხოვდა სხვადასხვა პოლიტიკური აქტორებისა თუ პირთა ფართო წრის ჩართულობით გადაწვეტილების მიღებას. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ კომენდანტის საათის დაწესება არ განეკუთვნება სისტემური მნიშვნელობის საკითხს, რომელზეც აუცილებელი იყო პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, ამ უფლებამოსილების საქართველოს მთავრობისათვის დელეგირება გამართლებულია ეპიდემიების დროს ვითარებაზე სწრაფი, ადეკვატური და ქმედითი რეაგირების საჭიროებით.
გარდა აღნიშნულისა, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული იყო, თუ რას გულისხმობს კომენდანტის საათი, რა მიზნით ხდება მისი შემოღება და როგორია მისი ფარგლები. შესაბამისად, ერთი მხრივ, დელეგირებული უფლებამოსილების განმახორციელებელ პირს ჰქონდა შესაძლებლობა, აღექვა, თუ რა მიზნითა და ფარგლებით მიენიჭა ესა თუ ის უფლება, ხოლო, მეორე მხრივ, მაკონტროლებელ ორგანოებს შესწევდათ უნარი, შეეფასებინათ, რამდენად სწორად გამოიყენა უფლებამოსილმა პირმა/ორგანომ დელეგირებული უფლებამოსილება. ამრიგად, სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის ფორმალური მოთხოვნების დარღვევად არ მიიჩნია სადავო ნორმის საფუძველზე განხორციელებული უფლებამოსილების დელეგირება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მატერიალურ მოთხოვნებთან სადავო ნორმის შესაბამისობაზე მსჯელობისას, სასამართლომ შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად მიიჩნია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. სასამართლომ განმარტა, რომ სადავო მექანიზმი მკვეთრად ამცირებდა მობილობას მისი მოქმედების პერიოდში, რაც მინიმუმამდე ამცირებდა პირთა ახლო კონტაქტის ალბათობას და, შესაბამისად, ვირუსის გავრცელების რისკს. ამასთან, ადამიანის გადაადგილება პირბადითა და სოციალური დისტანციის დაცვით, ისეთივე ეფექტურობით ვერ აფერხებდა ვირუსის გავრცელებას, როგორითაც კომენდანტის საათის შემოღება, რომელიც უკიდურესად ამცირებდა ადამიანთა შორის ახლო კონტაქტის შემთხვევებს. ამრიგად, სადავო შეზღუდვა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებად იქნა მიჩნეული.
შეპირისპირებულ ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსის დაცვაზე მსჯელობისას, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კომენდანტის საათი დადგინდა დროის იმ მონაკვეთში, რომელიც ნაკლებადაა დატვირთული სასიცოცხლო მნიშვნელობის აქტივობებით, ამ დროს ადამიანები ძირითადად უთმობენ პირადი თუ სოციალური ურთიერთობების განვითარებას, განტვირთვასა და დასვენებას. ამავდროულად, კომენდანტის საათის მოქმედების ფარგლებში პირთა გადაადგილების შეზღუდვა არ იყო ბლანკეტური ხასიათის და იძლეოდა ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით გამონაკლისების დაშვების შესაძლებლობას ღირებული ინტერესის დადასტურების შემთხვევაში. მეორე მხრივ, სადავო შეზღუდვა წარმოადგენდა ეფექტიან მექანიზმს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისათვის. ამდენად, სასამართლომ გასაჩივრებული რეგულირება კონსტიტუციურად მიიჩნია.
დავის საგანი: „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.