სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1277 კონსტიტუციური სარჩელი

2022 წლის 21 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დააკმაყოფილა №1277 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი ლაბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

მოსარჩელე სადავოდ ხდიდა ნორმას, რომელიც პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციისათვის სავალდებულო მოთხოვნად ითვალისწინებდა პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სიის წარდგენას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა ადგენდა პოლიტიკური პარტიების თავისუფლების არაგონივრულ შეზღუდვას, რადგან აქტიური პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია პარტიის წევრთა გაცილებით მცირე რაოდენობითაც. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სადავო რეგულირების გაუქმება ხელს შეუწყობდა პლურალისტური პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებას და უმცირესობების პოლიტიკურ პროცესებში სრულფასოვან მონაწილეობას.

მოპასუხე მხარის პოზიციით, პოლიტიკური პარტიები მჭიდროდ არიან დაკავშირებული საჯარო ფუნქციების განხორციელებასთან, რაც სახელმწიფოს ანიჭებს უფლებამოსილებას, განსაკუთრებულ რეგულირებას დაუქვემდებაროს მათ წარმოშობასა და საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. ამრიგად, სახელმწიფოს ევალება, კონტროლს მიღმა არ დატოვოს პარტიათა სერიოზულობის შეფასების საკითხი. მოპასუხე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმა არ ადგენს არაგონივრულ შეზღუდვას და შესაბამისობაშია კონსტიტუციის მოთხოვნებთან.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ პოლიტიკურ პარტიებს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ დემოკრატიული მმართველობის სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის, ისინი წარმოადგენენ ხალხის მიერ დემოკრატიულ მმართველობაში მონაწილეობის და მისი განხორციელების აუცილებელ საშუალებას. ამასთან, სწორედ პოლიტიკური გაერთიანებების მეშვეობით ხორციელდება იმ ინდივიდების პოპულარიზაცია და საზოგადოებისათვის გაცნობა, რომელთაც შესაძლოა მომავალში პოლიტიკური და სხვა სახელმწიფო თანამდებობები დაიკავონ. ამდენად, საზოგადოების ინტერესშია, პოლიტიკურ პარტიებს შიგნით პროცესები წარიმართებოდეს სამართლიანობისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით.

სასამართლომ სადავო შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად განიხილა პოლიტიკური პარტიების შიდაპარტიული სტრუქტურის არსებობის საჯარო ინტერესი. სასამართლოს მითითებით, პოლიტიკურ გაერთიანებათა საჯარო ფუნქციიდან გამომდინარე, სახელმწიფო უფლებამოსილია, მათ გარკვეული ფორმალური მოთხოვნები დაუწესოს შიდასტრუქტურულ მოწყობასთან დაკავშირებით, რათა შესაძლებელი იყოს მათი ფუნქციონირება კონსტიტუციით განსაზღვრული ძირითადი პრინციპების საფუძველზე. თუმცა გამოსადეგობის ეტაპზე მსჯელობისას, სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებლობა შიდაპარტიული წესრიგის უზრუნველყოფის არაერთ საშუალებას ითვალისწინებს. სასამართლომ ვერ დაინახა ლოგიკური კავშირი დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და შეზღუდვას შორის და აღნიშნა, რომ პარტიის ორგანიზაციული წესრიგის არსებობას განსაზღვრავს გარკვეული ორგანოების, მათი უფლებამოსილების ფარგლებისა და პარტიის წევრთა სამართლებრივი გარანტიების არსებობა და არა წევრთა რაოდენობა.

სასამართლომ სადავო რეგულირების კიდევ ერთ ლეგიტიმურ მიზნად განიხილა საარჩევნო და პოლიტიკური პროცესის სერიოზულობის უზრუნველყოფის ინტერესი, რაც ემსახურება პოლიტიკური სივრცის არაგონივრული ფრაგმენტაციისა და საარჩევნო პროცესის გადატვირთვის პრევენციას. სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციითა და კანონმდებლობით მოთხოვნილია პოლიტიკური პარტიის მიერ მინიმალური მხარდაჭერის დადასტურება სხვადასხვა გზების საშუალებით, როგორებიც არის გარკვეული ოდენობის მხარდამჭერთა სიის წარმოდგენის ვალდებულება, არჩევნების დანიშვნის დროისათვის აღნიშნული პარტიის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრის არსებობა და ა.შ. სასამართლომ მიუთითა, რომ პოლიტიკური პარტიის წევრთა რაოდენობა არ განაპირობებს მისი მხარდაჭერის მასშტაბს. ამრიგად, სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო რეგულირება შემხებლობაში არ იყო არც ერთ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანთან და არაკონსტიტუციურად ცნო იგი.

დავის საგანი: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის სიტყვების „პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.