სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ

2017 წლის 7 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ (რეგისტრაციის №697).

მოსარჩელე სადავოდ ხდის იმ საკანონმდებლო რეგულაციებს, რომლებიც განსაზღვრავს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის დადგენის წესს. მისი აზრით, სადავო ნორმები ბუნდოვანი შინაარსისაა, რაც ქმნის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან თვითნებობისა და საკუთარი უფლებამოსილებების გადამეტების მომეტებულ საფრთხეს.

კონსტიტუციურ სარჩელში ხაზგასმულია, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენა არ საჭიროებს წინასწარ სასამართლო ნებართვას. ამასთან, შეზღუდულია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ განხორციელებული ქმედებების შემდგომი სასამართლო კონტროლიც, რაც მოსარჩელის აზრით, ქმნის  ადამიანის უფლებათა დარღვევის მაღალ რისკს.

სასამართლომ მოთხოვნის დაუსაბუთებლობის გამო არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ.

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.