სიახლეები

შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის რეგიონის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის განცხადება

შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის რეგიონის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაცია (BBCJ) ეხმაურება ვენეციის კომისის მიერ გაკეთებულ განცხადებას და გამოხატავს შეშფოთებას პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის მუშაობის შეზღუდვასთან, საქართველოსა და თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოებზე განხორციელებული ზეწოლის, ხორვატიისა და სლოვაკეთის საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაჭიანურებასთან დაკავშირებით.

კონსტიტუციური მართლმსაჯულება, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო ახორციელებს, კანონის უზენაესობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს როლი აუცილებელი და განმსაზღვრელია, ვინაიდან სწორედ იგი წარმოადგენს სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის მხარდამჭერ ძირითად ინსტრუმენტს.

შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის რეგიონის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაცია მხარს უჭერს ვენეციის კომისიის მოსაზრებას პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის აქტის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც მიღებულ იქნა 106-ე პლენარულ სესიაზე და გამოთქვამს შეშფოთებას პოლონეთში მიმდინარე მოვლენებზე, რაც ძირს უთხრის დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.

სახელმწიფო მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებული განცხადებები საქართველოსა და თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოებთან დაკავშირებით, ასევე მათზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტები კონსტიტუციური დამოუკიდებლობის უპატივცემულობის ფაქტს წარმოადგენს, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს პირობებში მიუღებელია.

რაც შეეხება ხორვატიისა და სლოვაკეთის საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაჭიანურების ფაქტებს, შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის რეგიონის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაცია წუხილს გამოთქვამს ხორვატიის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებულ სამართლებრივ შეზღუდვასა და სლოვაკეთის საკონსტიტუციო სასამართლოსა და პრეზიდენტს შორის არსებულ ინსტიტუციონალურ კონფლიქტთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების უმოკლეს ვადაში დანიშვნა არის სასამართლოს სათანადოდ ფუნქციონირების გარანტი, ამავდროულად, უზრუნველყოფს დემოკრატიის განვითარებას და კანონის უზენაესობის სტაბილურობას. 

წყარო: http://constcourt.md/libview.php?l=en&id=766&idc=7&t=/Overview/Press-Service/News/BBCJ-condemns-the-exercised-pressure-and-the-undue-interference-in-the-work-of-several-European-Constitutional-Courts/