სიახლეები

„შპს „გიგანტი სექიურითი“ და შპს „იუნაიტედ სეკურიტი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ“

2017 წლის 27 იანვარს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო შპს „გიგანტი სექიურითისა“ და შპს „იუნაიტედ სეკურიტის“ კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ (რეგისტრაციის №747). მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

მოსარჩელეებისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ სადავო ნორმები სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, ერთი მხრივ, იმოქმედოს როგორც კერძო დაცვითი ორგანიზაციების საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელმა ორგანომ, ხოლო მეორე მხრივ, თავად განახორციელოს დაცვითი საქმიანობა. მოსარჩელეთა მტკიცებით, აღნიშნული წარმოადგენს კერძო დაცვითი ორგანიზაციების საქმიანობაზე სახელმწიფოს მხრიდან უხეშ ზემოქმედებას, რაც შეუძლებელს ხდის ამ სფეროში თავისუფალი და კონკურენტუნარიანი გარემოს არსებობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმებით უგულვებელყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფოს ვალდებულება, ხელი შეუწყოს თავისუფალ მეწარმეობასა და კონკურენციის განვითარებას.