სიახლეები

"შპს „სკს“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"

2017 წლის 24 იანვარს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია არსებითად განიხილავს შპს „სკს“-ს კონსტიტუციურ სარჩელს (რეგისტრაციის N655), რომლის თანახმადაც მოსარჩელე ითხოვს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელებას შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისაგან“ საფოსტო და საკურიერო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვაზეც.

მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმით „შპს საქართველოს ფოსტა“ აღჭურვილია რა ექსკლუზიური უფლებამოსილებით, საქართველოს საფოსტო და საკურიერო მომსახურების ბაზარზე ფაქტობრივად გამოირიცხა „შპს საქართველოს ფოსტის“ გარდა სხვა აქტორების დაშვება და სახელმწიფოს მხრიდან დაირღვა კონკურენციის პირობები, რადგან უპირატესობა ხელოვნურად, საკანონმდებლო ცვლილებით მიენიჭა ერთ კომპანიას, რომელიც, იმავდროულად, სახელმწიფოს 100%-ანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ შპს-ს წარმოადგენს. შესაბამისად, „შპს საქართველოს ფოსტა“ წარმოადგენს საფოსტო და საკურიერო მომსახურების ბაზარზე დომინირებულ მონოპოლიის ამღებ ერთადერთ კომპანიას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოსაზრებით, მას შეეზღუდა შესაძლებლობა თანარ კონკურენტულ გარემოში არამხოლოდ შესთავაზოს საკუთარი სერვისი სახელმწიფო ორგანოს, არამედ პირადად მიაწოდოს ამგვარი მომსახურება.

მოსარჩელის მტკიცებით, სახელმწიფომ ამგვარი საკანონმდებლო რეალობის შექმნით უგულებელყო მეწარმეობისა და კონკურენციის მხარდაჭერისთვის ნაკისრი ვალდებულება, შეექმნა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და ხელი შეეწყო ეფექტური რეალიზაციისთვის. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პრიმა პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებს.