სიახლეები

„შპს სკს“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 11 ნოემბერს არსებითად განსახილველად მიიღო „შპს სკს-ს“ კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №655). მოსარჩელე ითხოვს  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 3პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადებასთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით.

მოსარჩელისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ საქართველოს პარლამენტმა სადავო ნორმით ექსკლუზიური უფლებამოსილება მიანიჭა „შპს საქართველოს ფოსტას“, რის შედეგადაც საქართველოს საფოსტო და საკურიერო მომსახურების ბაზარზე ფაქტობრივად გამორიცხა „შპს საქართველოს ფოსტის“ გარდა სხვა აქტორების დაშვება. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ სახელმწიფომ ამგვარი საკანონმდებლო რეალობის შექმნით უგულებელყო მეწარმეობისა და კონკურენციის მხარდაჭერისთვის  ნაკისრი  ვალდებულება.

საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო იმ ნაწილში, რომელიც  შეეხება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.