სიახლეები

„შპს „ტიფლისი 777“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1250)

2019 წლის 18 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა შპს „ტიფლისი 777-ის“ კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მოსარჩელე სადავოდ ხდიდა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმას, რომელიც ადგენდა მოვალის ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევას იმ შემთხვევაში, როდესაც გაკოტრების საქმის წარმოების ფარგლებში ქონების ან ამ ქონების ნაწილის რეალიზაცია ვერ განხორციელდა სამი აუქციონის შემდგომ და მისი საკუთრებაში მიღების სურვილი არ გამოთქვა არცერთმა კრედიტორმა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ არ არსებობს საჯარო ინტერესი, რომელიც გაამართლებდა ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემას და საკუთრების უფლების შეზღუდვას.

საკუთრების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად დასახელდა კორუფციული და თაღლითური სქემების პრევენცია, ბრუნვაუუნარო სუბიექტების ბაზრიდან განდევნა და სახელმწიფოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურება. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ კორუფციული და თაღლითური სქემების პრევენციის ლეგიტიმური მიზანი ღირებული საჯარო სიკეთეა, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ ამ მიმართულებით ვერ წარმოაჩინა საფრთხე, რომლის პრევენციასაც შეიძლება სადავო ნორმით გათვალისწინებული ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა ემსახურებოდეს.

სასამართლომ ბრუნვაუუნარო სუბიექტების ბაზრიდან განდევნის ლეგიტიმურ მიზანთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მოვალის ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლა არ იწვევს მისი რეგისტრაციის გაუქმებას და არც რაიმე ფორმით ახდენს გავლენას ამ პროცესის დასრულებაზე. ამდენად, სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება ლოგიკურად არ უკავშირდებოდა ხსენებულ ლეგიტიმურ მიზანს.

სახელმწიფოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურების ლეგიტიმურ მიზანზე მსჯელობისას სასამართლომ განმარტა, რომ სადავო რეგულირების თანახმად, სამეურვეო ქონება საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფოს და არა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელიც უშუალოდ გასწევს მომსახურების ხარჯს.

სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიებით არ ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების ანაზღაურება, ვინაიდან რეალიზაციის გარეშე დარჩენილი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა გავლენას არ ახდენს აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის უფლებაზე, აუნაზღაურდეს მომსახურების საფასური. ამდენად, სადავო ნორმით დადგენილი ღონისძიება არც აღნიშნული საჯარო ინტერესის მიღწევას უკავშირდება ლოგიკურად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმით დადგენილი ღონისძიება შემხებლობაში არ არის არცერთ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანთან და იგი არაკონსტიტუციურად სცნო.

დავის საგანი: „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 112 პუნქტის მე-6 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.